გონიოს ციხის ორ კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გონიოს ციხის ორი [N2 და N3] კოშკის რეაბილიტაციისთვის 89 ათას ლარს დახარჯავს. სააგენტომ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დასრულდება.

გონიოს ციხის ტერიტორიაზე სამუშაოები არქეოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდება.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის იანვრიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 საფორტიფიკაციო სახეობის ძეგლებზე რეაბილიტაციის სამუშაოების გამოცდილება. ამავე პერიოდში მას უნდა გააჩნდეს გამოცდილება საფორტიფიკაციო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის/ მშენებლობის სამუშაოებისა, მინიმუმ 400 ათასი ლარის ოდენობით .

პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია რეაბილიტაციის სამუშაოებში ყველა მონაწილე პირის [ინჟინერ-მშენებელის, არქიტექტორ-რესტავრატორის, და სხვ. რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესასრულებელი სამუშაოების სახეობებსა და ამოცანებს] კვალიფიკაციის შესახებ. სამუშაოების შემსრულებელი სპეციალისტების თაობაზე ინფორმაცია ტენდერში წარდგენილი უნდა იქნეს CV–ს სახით.
გონიოს ციხის ორივე კოშკის რეაბილიტაცია 2017 წლის ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მინიმალური საგარანტიო ვადა 15 წელი უნდა იყოს. სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შეთავაზებული პროექტის მიხედვით განხორციელდება.
მხოლოდ 2017 წლის ივნისში, ოფიციალური ინფორმაციით, გონიოს ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 10 691 ვიზიტორი გაეცნო.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები