კაპრეშუმში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ხელვაჩაურში, სოფელ კაპრეშუმში საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. სკოლის ფოიეში შეკრებილ ყველა მოსწავლესა და პედაგოგს ზურაბ პატარაძემ ახალი, თანამედროვე სკოლის გახსნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი. კაპრეშუმში აშენდა 300 მოსწავლეზე გათვლილი ორსართულიანი შენობა შიდა სპორტული დარბაზით. სკოლაში მოეწყო სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი და ღია სპორტული მოედანი.

სკოლა ასევე, ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. ამ ეტაპზე სკოლაში სწავლობს 98 მოსწავლე და დასაქმებულია 22 პედაგოგი. კაპრეშუმის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ლადამ’’ შეასრულა.

სამუშაოების ღირებულებამ 911 002 ლარი შეადგინა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის ახალი სკოლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა 2017 წლის დასაწყისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მოათავსეს.

წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე

სხვა ვიდეოები