ხელვაჩაურში უკანონოდ მოქმედი სამორინე აღმოაჩინეს

ხელვაჩაურის ტერიტორიაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინა. ოპერატიული სამძებრო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა, რომ ერთ-ერთ სოფელში, აზარტული და მომგებიანი თამაშები სისტემურ – ელექტრონული ფორმით ტარდებოდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ – ერთ სოფელში, პირთა ჯგუფი, დიდი ოდენობით შემოსავალის/მოგების მიღების მიზნით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, ორგანიზებას უწევდა აზარტული და მომგებიანი თამაშების – სათამაშო ბორბლის (ე.წ. ,,რულეტკა“) ტოტალიზატორის და ბინგოს სისტემურ – ელექტრონული ფორმით ჩატარებას” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველების მტკიცებით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზიანმა 390 000 ლარი შეადგინა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც  ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 – დან 5 წლამდე.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები