ხმაური ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან

ხმაური იყო დღეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან. სამედიცინო დაწესებულებასთან ერთ-ერთი პაციენტის ახლობლები შეიკრიბნენ. მათი თქმით, 34 წლის ნინი კაცაძემ დაახლოებით ორი თვის წინ ოპერაცია გაიკეთა. სახლში გაწერის შემდეგ კი მისი მდგომარეობა დამძიმდა. ახლობლები მედიკოსებს გულგრილობაში ადანაშაულებენ და ამბობენ,რომ დაახლოებით 12 დღის წინ პაციენტი კლინიკაში განმეორებით მოათავსეს. ოჯახის წევრების თქმით, მდგომარეობა დღეს დამძიმდა და პაციენტი კომატოზურ მდგომარეობაშია.

ახლობლები ჰყვებიან, რომ რეანომობილით პაციენტის თბილისში გადაყვანა სურდათ, რაზეც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებისგან უარი მიიღეს. შორენა მამალაძე ამბობს, რომ ნინო კაცაძეს ოპერაციის დროს საყლაპავი მილი დაუზიანეს, რასაც მოგვიანებით გართულებები მოჰყვა.
მათი თქმით, დედაქალაქიდან ექიმის ჩამოყვანა გადაწყვიტეს, თუმცა ბოლო მომენტში მოწვეულმა მედიკოსებმა ჩამოსვლა გადაიფიქრა. ახლობლები ვარაუდობენ, რომ კლინიკის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას. რეფერალური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ პაციენტი საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. გიორგი ნიორაძის განცხადებით, კლინიკაში შესასვლელად საჭიროა ექიმმა ლიცენზიის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს. რაც შეეხება რეანომობილით გადაყვანას, მისი თქმით სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს ახლობლებისთვის უარი არ უთქვამთ.
პაციენტის ოჯახის წევრები დახმარებას და საკითხის დროულად შესწავლას ითხოვენ.

საკითხთან დაკავშირებით განმარტებები ჰოსპიტალური განვითარების მენეჯერმაც გააკეთა. ეკა ქავთარაძის თქმით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში იშემიური ინსულტით შეიყვანეს, რაც ორი თვის წინ ჩატარებულ ოპერაციასთან, არანაირ კავშირში არ არის. მისივე ინფორმაციით დიაგნოზი ახლობლებმა სხვა ექიმთანაც გადაამოწმეს.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები