ხორვატიაში საქართველოს ახალგაზრდა ძიუდისტებმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 83 ქვეყნის 590 ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს პირველობაზე წარმატებით გამოვიდა და ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ჯაპა პაპინაშვილი (55 კგ), რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელი ნატიგ გურბანლი დაამარცხა, მანამდე კი ფრანგ, ბრაზილიელ, მონღოლ და ყაზახ მეტოქეებს სძლია. ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (73 კგ) კი ბრინჯაოს მელები მოიპოვეს.

24 ოქტომბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ნაკრებს. ძიუდოისტებთან შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე.

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ”მინდა მოგილოცოთ ჩვენი ძიუდოისტების კიდევ ერთი გამარჯვება, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვეს. ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი არ არის ურიგო შედეგი, ცხადია ჩვენ ძიუდოისტებისგან ყოველთვის მეტს ველით, მაგრამ გასათვალისწინებელია ის უდიდესი კონკურენცია, რომელიც ასეთი მაღალი დონის ტურნირებზე გვხვდება.

3 მედალი რა დასამალია და გვეცოტავება, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ ყოველთვის ერთნაირი წარატებით გამოსვლა შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, გვეიმედება ამ ბიჭების და მჯერა უახლოეს წლებში ეროვნული ნაკრების სახელითაც ისევე წარმატებით იჭიდავებენ, როგორც ამას დღეს ახერხებენ. ცხადია, ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება იქნება შეუქცევადი და კიდევ უფრო შთამბეჭდავი.

ძიუდოს ფედერაცია ძალიან წარმატებულად მუშაობს. წლეულს საქართველოს მასშტაბით არაერთი ძიუდოს დარბაზი გაიხსნა, სადაც ჩვენი მომავალი თაობა, ძლიერი სპეციალისტების მეთვალყურეობით კომფორტულ პირობებში ივარჯიშებენ. ასეთი დარბაზების მშენებლობა ხელს შეუწყობს მასობრიობის ზრდას, რაც თავისთავად, დადებითად აისახება შედეგებზე.”

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები