ხულოში, უჩხოს საბავშვო ბაღში აღმზრდელობითი პროცესი ამ დრომდე არ განახლებულა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საბავშვო ბაღში აღმზრდელობითი პროცესი ოქტიმბერში უნდა განახლებულიყო, თუმცა ამ დრომდე კვლავ შეჩერებულია. ამის გამოც ბავშვების ნაწილი ბაღში ვერ დადის, ხოლო ნაწილი მშობლებმა მეზობელი სოფლის საბავშვო ბაღში გადაიყვანეს.

უჩხოს საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა აღნიშნულ ბაღში აღმზრდელობითი პროცესი ჯერკიდევ არ განახლებულა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში “აიპრესს” განუცხადეს აღმზრდელობითი პროცესის დაგვიანების მიზეზი ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოს დროულად შეუსრულებლობაა. მერის მოადგილის განცხადებით აღნიშნული ქვეკონტრაქტორი ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე კონტრაქტით გათვალისწინებული თანხით ჯარიმდებოდა.

ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, სამუშაოები უკვე დასრულდა და ბაღი უახლოეს დღეებში გაიხსნება. ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს კიდევ სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება. ლაშა ბოლქვაძის თქმით, ხულოში სულ 23 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს და აქედან 17 ბოლო სამი წლის განმავლობაში გაიხსნა.

“უჩხოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას რაც შეეხება, ჩვენ ბაღში აღმზრდელობითი პროცესი ჯერ კიდევ ოქტომბერში უნდა გაგვეახლებინა, თუმცა პრობლემები შეიქმნა მეწარმის მიერ, სამუშაოების ვადა ქვეკონტრაქტორმა ვერ შეასრულა. აღნიშნული კონტრაქტორი ყოველი დღის ვადაგადაცილებაზე კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხით ჯარიმდებოდა. ამ ეტაპზე, როგორც ჩემთვისაა ცნობილი სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და აღმზრდელობითი პროცესი უახლოეს დღეებში განახლდება. ამასთან დაკავშირებით აიპი გადის კონსულტაციებს ჩვენთან, თუ როდის შეიძლება გაიხსნას ბაღი,” – განაცხადა “აიპრესთან” ხულოს მერის მოადგილე ლაშა ბოლქვაძემ.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები