კლუბი „ნონა“ საჭადრაკო ფესტივალისთვის ემზადება

ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ემზადება საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალისთვის –  „ბათუმის მერიის თასი -2017“  . ფესტივალი ბენზეს ჭადრაკის სასახლეში პირველ ივლისს გაიხსნება და თორმეტ ივლისამდე გაგრძელდება.

საჭადრაკო ტურნირი ბათუმში წელს მესამედ ჩატარდება და ცხრა ტურად გაიმართება. მასში 18  ქვეყნის  განსხვავებული ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალში მონაწილე ყველა კატეგორიის გამარჯვებულს ბათუმის მერია თასებით, მედლებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვებს.

ფულადი პრიზები გადაეცემათ 8, 10 და 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 1 -იდან მე-5 ადგილის ჩათვლით.  ფულად პრიზებს ტურნირში გამარჯვებული ბავშვების  მწვრთნელებიც მიიღებენ. ტურნირში მონაწილე  საუკეთესო ბათუმელ მოჭადრაკეებს, ასევე  ყველაზე პატარა ასაკის ჭაბუკებსა და გოგონებს  „კლუბი ნონა“  სპეციალურ საჩუქრებს  გადასცემს.

ფესტივალი ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“, ბათუმის მერიისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. ფესტივალის ჯამური საპრიზო ფონდი 48 650 ლარს შეადგენს.

„პირველად ტურნირში რვა ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, მეორედ – ათი, წელს კი თვრამეტი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა. მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით ხუთასი იქნება, ტურნირს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია შეაფასებს, კომისიის წევრები უმაღლესი დონის საერთაშორისო ჩემპიონები იქნებიან,“-ამბობს  საჭადრაკო კლუბ „ნონას” დირექტორი გიორგი ჭანტურია.

ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ სამას ორმოცდაათი წევრი და ექვსი მასწავლებელი ჰყავს, წევრებში ბავშვები დომინირებენ, უმეტესად – ბიჭები.  კლუბი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის გაცვლით პროგრამაში, საგანმანათლებლო ტრენინგებსა და საერთაშორისო შეჯიბრებებში.  იანვარში კლუბი ამხანაგური მატჩით ლიტვას ეწვია, ივლისსში აზერბაიჯანიდან სტუმრებს ელოდება, ზაფხულში კი, კლუბი პოლონელ სტუმრებს უმასპინძლებს.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები