კურორტ „გოდერძიზე“ აეროდრომის ასაშენებლად მთავრობა მიწებს ყიდულობს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის  სამინისტრო, სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ განაშენიანების გეგმის პირველი ეტაპის ფარგლებში სულ 100 ჰექტარ მიწას გამოისყიდის. გამოსყიდული მიწის ნაკვეთიდან დაახლოებით 3 900 კვადრატულ მეტრზე სამინისტროს აეროდრომისა და დამხმარე ნაგებობების მოწყობა აქვს დაგეგმილი.

სამინისტროს პრესცენტრში განმარტავენ, რომ გეგმით გაწერილი 100 ჰექტარი მიწიდან, ფიზიკური პირების საკუთრებასა თუ სარგებლობაში არსებულ ნაკვეთების დიდი ნაწილი ამ დროისთვის გამოსყიდულია, მიწის გამოსყიდვას სამინისტრო აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან, სუბსიდირების სახით მიღებული თანხით ახორციელებს.

მიწები, რომლის გამოსყიდვაზეც სამინისტრო მუშაობს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, ნაწილზე კი დროებითი საცხოვრებელი სახლებია განთავსებული და მათ მხოლოდ მოიალაღეები იყენებენ. მიწასთან ერთად, სამინისტრო მოქალაქეებს დროებითი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟისა და გადატანის თანხასაც აუნაზღაურებს.

სამინისტრო „გოდერძიზე“ მესაკუთრეს ერთ კვადრატულ მიწის ნაკვეთში 10 ლარს, მოსარგებლეს კი – 6 ლარს უხდის.

ვინ და რა ფორმით ააშენებს აეროდრომს კურორტ „გოდერძიზე“ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც მიწის გამოსყიდვა დასრულდება.

მიწების გამოსყიდვაზე ამ დრომდე სულ 6 მილიონი ლარია გაცემული.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები