ლაშა კომახიძე: ქალებს ხშირად კაცებზე უკეთესი გადაწყვეტილებები აქვთ

„ჭკვიან, მიზანდასახულ ქალს მიზნის მიღწევის და გამარჯვების მეტი შანსი აქვს, ვიდრე კაცს“, – ასეთი მოსაზრება აქვს ბათუმის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ლაშა კომახიძეს.

ლაშა კომახიძის შეფასებით, ქალები ძალიან ხშირად კაცებზე ბევრად უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ.

თუმცა, კომახიძე უწყებაში კვოტების განაწილებაზე ყურადღების ზედმეტად გამახვილებას ქალების დისკრიმინაციად აღიქვამს.

„მე მოვდივარ არასამთავრობო სექტორიდან, 8 წლის განმავლობაში ვმუშაობდი გაეროს განვითარების პროგრამაში, სადაც სწორედ გენდერული საკითხები ერთ-ერთი სერიოზული და მნიშვნელოვანი თემაა. აბსოლუტურად ვიზიარებ ამ ფასეულობებს. ქალებს ძალიან ხშირად, კაცებზე ბევრად უკეთესი გადაწყვეტილებები აქვთ ხოლმე, მათი ანალიტიკა ხშირად იმდენად საოცარია, რომ ჩვენ პირიქით, იქით უნდა ვისწავლოთ ქალებისგან. ამიტომ, ჩემთან ეს პრობლემა არ არის“, – აცხადებს ლაშა კომახიძე “აიპრესთან” საუბრისას.

ლაშა კომახიძს თქმით, როდესაც ის აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, უწყებაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე ბევრი ქალი დაინიშნა.

„მე არ მაქვს გამიზნული, რომ აუცილებლად ამდენი პროცენტი უნდა იყოს ქალი, ასეთი მოჭრით მიდგომა არასწრად მიმაჩნია. ზედმეტი გამორჩევაც დისკრიმინაციაა, ვიდრე საერთოდ არ გათვალისწინება.

მე თვითონ ყოველთვის ვიხრები იქითკენ, რომ ჭკვიან, მიზანდასახულ და ძლიერ ქალს გამარჯვებასა და მიზნის მიღწევაში გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე კაცს“, – აღნიშნა ლაშა კომახიძემ.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები