ლევან გორგილაძემ ქედა-ხიჭაურის მონაკვეთზე გაზსადენის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

ქედის ახალარჩეულმა მერმა ლევან გორგილაძემ, დღეს ქედა-ხიჭაურის მონაკვეთზე ისტორიული პროექტი – გაზსადენის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა და პირველი სამუშაო კვირა შეაჯამა.
,,საკმაოდ აქტიური, საქმიანი და საინტერესო 5 სამუშაო დღე იყო: მქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები სხვადასხვა უწყებებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან; მოვინახულე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როგორიცაა – ზუნდაგის საბავშო ბაღის მშენებლობა, სოციალური სახლი დაბა ქედაში, დანდალო არძენაძეების მიმართულებით ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები და ა.შ.
გარკვეულწილად მონაწილეობა მივიღე ბიუჯეტის პროექტის შედგენაშიც; მქონდა ინიციატივებითა და საქმიანი წინადადებებით გაჯერებული შეხვედრები ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
დღეს, პირველი მოქალაქეთა მიღება შედგა მერიაში. დღის ბოლოს კი სიმბოლურად, გაზსადენის სამშენებლო სამუშაოები მოვინახულე. მიხარია, რომ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მალე ჩვენი მოსახლეობა ისარგებლებს იმ სიკეთეებით, რისი მოტანაც პროექტს შეუძლია. ეს იქნება კომფორტული გათბობის საშუალებით სარგებლობა, სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, გარემოს შენარჩუნება თუ სხვა მხარეები” – აღნიშნა ლევან გორგილაძემ და მომდევნო აქტიური კვირა დაანონსა.
პ.ს. გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებს შპს ,,ენერჯი ინვესტი 2009“ ასრულებს. პროექტის ბიუჯეტი 25 მილიონ 850 000 ლარს ითვლის და დასრულების ვადად 2019 წლის 1 მარტია ჩანიშნული.

წყარო:”ლევან გორგილაძე ქედის მერი / Levan Gorgiladze

სხვა ვიდეოები