მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა 90%-ით გაიზარდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე “აიპრესთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ რეგიონისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მაღალმთიანი აჭარის განვითარებაა.

“მაღალმთიანი აჭარის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტია, ეს არაერთგზის განვაცხადეთ მოსახლეობასთან შეხვედრებისას. უკვე დავიწყეთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გზების მოწესრიგება, წყლის მიყვანა, სკოლების, ბავშვთა ბაღების მშენებლობა. მიხარია, რომ სამივე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში რამდენიმე ბაღი უკვე გავხსენით ერთ წელში. ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, მოედნები, მშენებლობა, ბავშვთა გასართობი, შეიძლება დავარქვათ სათამაშო ცენტრები, სხვადასხვა სივრცეების მოწყობა, სპორტული კომპლექსების მშენებლობა და ა. შ” – აცხადებს ზურაბ პატარაძე.

თავმჯდომარის თქმით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობისთვის გრანტები გაიცა საოჯახო სასტუმრობის მოსაწყობად.

“სულ ახლახანს ტექნიკური გახსნა იყო შუახევ ჰესის. ეს არის ძალიან დიდი ინვესტიცია. 400 მილიონი დოლარი იყო საინვესტიციო პაკეტი და მოცულობა, პლიუს საუბარია 180 მეგავატიან სიმძლავრეზე, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ წყალშემკრებ გვირაბზე მაღალმთიან აჭარაში, 37 კილომეტრზეა საუბარი.

ზუსტად ამ კორპორაციისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიცა გრანტები ჩვენი მოსახლეობისთვის და უამრავი სხვდასხვა სახის გესტ-ჰაუსი მოეწყო მთაში. მოსახლეობამ საფინანსო ინსტიტუტებიდანაც მიიღო კრედიტები და მოაწყვეს არაჩვეულებრივი საოჯახო ტიპის სასტუმროები.

90%-მდე არის გაზრდილი ტურისტების რაოდენობა მაღალმთიან აჭარაში, 90%-ით გაზრდილია ღამის გათენება ჩვენს გესტ-ჰაუსში, უშუალოდ მაღალმთიანში, ხულოში, შუახევში, ქედაში, რაც ძალიან გვახარებს და მაქსიმალურად მოწადინებული ვართ ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას.” – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები