სოფელ კალოთაში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთში ბიბლიოთეკა გაიხსნა.  ბიბლიოთეკაში სულ 465 წიგნია. წიგნებთან ერთად ბიბლიოთეკას დღეს კომპიუტერიც გადაეცა.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი “აიპრესთან” აცხადებს, პროექტი „ინტერნეტი ყველა სკოლის ბიბლიოთეკას“ პარლამენტის ეროვნული საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი მხარდაჭერით ხორციელდება.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი კვლავ გაგრძელდება. მიზანია, რომ ბიბლიოთეკა ყველა სოფელში გაიხსნას და მისი ინტერნეტიზაცია მოხდეს.

ბიბლიოთეკის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლება და მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დებუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძეც ესწრებოდა.

„პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი პროექტით, რომელიც გულისხმობს ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკაში, ეს არის პროგრამა, რომლითაც ვეხმარებით სოფლის ბიბლიოთეკებს, განაახლონ წიგნადი ფონდი, ვეხმარებით კომპიუტერით, თანამშრომელთა გადამზადებით და ა.შ. საქართველოში თითქმის ყველა სოფელს უნდა ჰქონდეს თანამედროვე საბიბლიოთეკო სისიტემა, ჰყავდეს გადამზადებული ბიბლიოთეკარი და გარდა ამისა, გააჩნდეს მას კომპიუტერული ტექნიკა.

დღეს კალოთის სასოფლო ბიბლიოთეკა გავხსენით, სადაც გადავეცით კომპიუტერი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ვინაიდან მათ ექნებათ წვდომა ინტერნეტზე და იმ საბიბლიოთეკო რესურსებზე, რომელსაც ამ შემთხვევაში ეროვნული ბიბლიოთეკა ქმნის. ჩვენ ვაპირებთ, ეს პროექტი გავაგრძელოთ მომავალშიც და რა საკვირველია ამ შემთხვევაში აჭარის მაღალმთიანეთში კიდევ გავხსნათ ბიბლიოთეკები და დავეხმაროთ კომპიუტერული ტექნიკით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო მეტ შედეგს გამოიღებს, და ეს შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ადგილობრივი მოსახლეობის, სოფლის მაცხოვრებლის ინტერესიდან გამომდინარე შევქმნათ ის მნიშვნელოვანი ორგანო და სფერო, რაც თანამედროვე სასოფლო ბიბლიოთეკას გულისხმობს“,- განაცხადა “აიპრესთან” საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილიმა.

ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 7 სასოფლო ბიბლიოთეკაა.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები