მაღალსტატუსიანი დაბალხელფასიანი მასწავლებლები

თუ პედაგოგი ხართ, ან პედაგოგობას აპირებთ და გაქვთ მოლოდინი, რომ თავდადებული მუშაობის, გამოცდების ჩაბარების, კვალიფიკაციის დადასტურებისა და პედაგოგთა სქემაში მაღალ საფეხურებზე ასვლის შემთხვევაში თქვენი შემოსავალი საგრძნობლად გაიზრდება, დიდი შანსია იმისა, რომ ცდებოდეთ. საქმე ისაა, რომ სქემის მაღალ საფეხურზე ყოფნის შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ვერ დააგროვებთ ჩასატარებელი საათების საკმარის რაოდენობას (კვირაში 15-18 საათი), ვერ მიიღებთ იმ მაქსიმალურ 800 ლარიან ხელფასს, რომლის შემოღებაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიაჩნია.

საათების დაგროვება კი, პედაგოგებისათვის კარგად ცნობილია, რომ ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მათ შორის დირექტორის კეთილგანწყობაზე, კონკურენტების სიმრავლეზე და ა.შ. შესაბამისად, იქმნება პარადოქსული სიტუაცია, როდესაც პედაგოგი მრავალგვარი გარჯის შედეგად სქემაში მაღალ საფეხურებზე ინაცვლებს, თუმცა მისი შემოსავალი საგრძნობლად არ იზრდება.

ქვეყანაში  სულ 66 504 პედაგოგი გვყავს. მათ შორის 9 მენტორი, 218 წამყვანი, 18 941 უფროსი, 44 419 პრაქტიკოსი და 2 917 სტატუსის გარეშე. შარშანდელი სტატისტიკის მიხედვით, 800 ლარამდე ხელფასს მხოლოდ დაახლოებით 8 ათასი მათგანი იღებს.

რატომ არ სურს სამინისტროს მასწავლებლის ანაზღაურების მხოლოდ კვალიფიკაციაზე მიბმა? ამ კითხვას უკვე დიდი ხანია ოპოზიციაც სვამს და თავად პედაგოგებიც. განათლების სამინისტროს კი ამაზე მუდმივად ჩამოყალიბებული, მკაფიო და ხმამაღალი პასუხი ჰქონდა. ზოგჯერ სკანდალურიც –  რომ მასწავლებელს მაღალი ხელფასი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ამ პროფესიას ისეთი ადამიანები აირჩევენ, რომელთაც ბავშვები არ უყვართ და ა.შ.

განათლების აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, თავისი მინისტრობის უკანასკნელ პერიოდში ერთ-ერთ გადაცემაში ამ თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ არ ფიქრობს რომ მასწავლებლის ანაზღაურება მხოლოდ სტატუსზე, კვალიფიკაციაზე იყოს დამოკიდებული და არა საათობრივ დატვირთვაზე, მან შემდეგნაირად უპასუხა:

არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობთიმიტომრომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ გაგვიმრავლდება ორსაათდატვირთვიანი მაღალხელფასიანი ხალხი და ამის საშუალება ფიზიკურად არ გვაქვს“.

თავის მხრივ, ბიუჯეტიდან მასწავლებლებისათვის გადახდილი თანხების შთამბეჭდაობაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ  2017 წლის იანვარ–აგვისტოში სქემით განსაზღვრული მასწავლებლების დანამატების ხარჯების დაფინანსებამ 37–ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა.

“მასწავლებლების ხელფასების ზრდა და ამ მიმართულებით პოლიტიკა სამ ეტაპად განხორციელდა. 2015 წელს სექტემბერში იყო პირველი, მეორე იყო 2016 წლის აპრილში და მესამე –  2017 წლის იანვარში. შესაბამისად, როდესაც მასწავლებლებს აქვთ სრული დატვირთვა, ისინი იღებენ აღნიშნულ დანამატს. მე მგონია, რომ თუ მასწავლებლებს დატვირთვა არ ექნებათ, ამ შემთხვევაში მათ განათლების სამინისტრო სრულ ანაზღაურებას ვერ მისცემს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

წყარო:”edu.aris.ge”

სხვა ვიდეოები