მატარებლის 60 წუთზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში რკინიგზა მგზავრებს კომპენსაციას გადაუხდის

მატარებლის 60 წუთზე მეტი დაგვიანების შემთხვევაში რკინიგზა მგზავრებს კომპენსაციას გადაუხდის. აღნიშნულს „რკინიგზის მგზავრთა უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ“ დებულება ითვალისწინებს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმოწერით საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

კერძოდ, დებულების თანახმად, თუ გონივრული ვარაუდის საფუძველზე მოსალოდნელია ბილეთში მითითებულ დანიშნულების საბოლოო პუნქტში ჩასვლა 60 წუთზე მეტი დაგვიანებით, მგზავრს უფლება აქვს: 

აუნაზღაურდეს ბილეთის მთლიანი ღირებულება მგზავრობის იმ მონაკვეთზე ან მონაკვეთებზე, რომლებიც არ განხორციელდა და იმ მონაკვეთზე ან მონაკვეთებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა, თუ ისინი აღარ ემსახურება მგზავრის თავდაპირველ მგზავრობის გეგმას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მგზავრი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს გამგზავრების პირველ პუნქტში დაბრუნების მომსახურებით, პირველივე შესაძლებლობისთანავე; ან გააგრძელოს მგზავრობა ან შეიცვალოს მარშრუტი დანიშნულების პუნქტამდე ჩასასვლელად, მსგავსი სატრანსპორტო პირობებით და პირველივე შესაძლებლობისთანავე; ან გააგრძელოს მგზავრობა ან შეიცვალოს მარშრუტი დანიშნულების პუნქტამდე ჩასასვლელად, მსგავსი სატრანსპორტო პირობებით და მგზავრისათვის მოსახერხებელ დროს.

ტრანსპორტირების უფლების დაკარგვის გარეშე მგზავრს უფლება აქვს მოსთხოვოს რკინიგზას კომპენსაციის გადახდა იმ შემთხვევაში, თუ ბილეთში მითითებულ გამგზავრების და დანიშნულების პუნქტებს შორის ადგილი აქვს დაგვიანებას და ბილეთის საფასური არ ანაზღაურებულა.

დაგვიანებისათვის გადასახდელი კომპენსაციის მინიმალური ოდენობაა:

ბილეთის ღირებულების 25%, მატარებლის 60 წუთიდან 119 წუთამდე დაგვიანების შემთხვევაში; ბილეთის ღირებულების 50%, მატარებლის 120 წუთის ან მეტის დაგვიანების შემთხვევაში.

მგზავრებს, რომლებსაც აქვთ სააბონემენტო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის მოქმედების პერიოდშიც ადგილი ჰქონდა მგზავრობის არაერთჯერად დაგვიანებას ან შეწყვეტას და მგზავრობის დაგვიანების ან შეწყვეტის დროს სააბონემენტო ბილეთის მფლობელი მგზავრი მატარებლით მგზავრობდა, უფლება აქვთ მოითხოვონ ადეკვატური კომპენსაციის გადახდა რკინიგზის საკომპენსაციო პროცედურების შესაბამისად. აღნიშნული პროცედურებით ნათლად უნდა იყოს დადგენილი დაგვიანების განსაზღვრის და კომპენსაციის დაანგარიშების კრიტერიუმები.

დაგვიანებისათვის კომპენსაციის დაანგარიშება უნდა განხორციელდეს იმ ფასის პროპორციულად, რომელიც გადაიხადა მგზავრმა დაგვიანებით მიწოდებული (ან მიღებული) მომსახურებისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ მგზავრის გადაყვანის ხელშეკრულება (ბილეთი) გაფორმებულია ორი მიმართულების (გამგზავრება და დაბრუნება) მგზავრობისათვის, დაგვიანებისათვის კომპენსაციის დაანგარიშება გამგზავრების ან დაბრუნების გზაზე უნდა განხორციელდეს ბილეთის ფასის ნახევრის პროპორციულად. ანალოგიურად, ნებისმიერი სხვა ფორმის ტრანსპორტირების ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც იძლევა რამდენიმე თანმდევ მონაკვეთზე მგზავრობის შესაძლებლობას, დაგვიანებული მომსახურების ფასი იანგარიშება მთლიანი ფასის პროპორციულად.

დაგვიანებისათვის ბილეთის ფასის კომპენსაციის გადახდა უნდა განხორციელდეს მოთხოვნის წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში. კომპენსაციის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს ვაუჩერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და/ან სხვა მომსახურების ფორმით, თუ მისი პირობები არ არის მგზავრისათვის ზედმეტად მკაცრი (განსაკუთრებით, მოქმედების ვადისა და დანიშნულების პუნქტის გათვალისწინებით). მგზავრის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპენსაციის გადახდა უნდა განხორციელდეს ფულადი თანხით.

დაგვიანებისათვის ბილეთის ფასის კომპენსაციის ოდენობა არ შეიძლება შემცირდეს ფინანსური ტრანზაქციის ხარჯების გამო, როგორებიცაა საკომისიო, ტელეფონის ან ბეჭდით დამოწმების ხარჯები. რკინიგზას უფლება აქვს დააწესოს მინიმალური ზღვარი, რომელზე ნაკლები ოდენობითაც არ უნდა მოხდეს კომპენსაციის გადახდა და რომლის ოდენობაც არ უნდა იყოს შესაბამისი ბილეთის ღირებულების 25%-ზე ნაკლები.

მგზავრს არ აქვს დაგვიანებისათვის კომპენსაციის მიღების უფლება, თუ ის ინფორმირებული იყო მოსალოდნელი დაგვიანების შესახებ ბილეთის შეძენამდე, ან დაგვიანება სხვადასხვა მომსახურების ან მარშრუტის შეცვლის გამო 60 წუთზე ნაკლებია.

გამგზავრების ან დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დაგვიანების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე რკინიგზა ან შესაბამისი სადგური ვალდებულია მიაწოდონ მგზავრებს ინფორმაცია არსებული მდგომარეობის, სავარაუდო გამგზავრების და დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დროის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ დაგვიანება აღემატება 180 წუთს, რკინიგზა ვალდებულია მგზავრებს უსასყიდლოდ შესთავაზოს:

ლოდინის დროის შესაბამისად, საკვები და გამაგრილებელი სასმელები, თუ მათი მარაგი არსებობს მატარებელში ან რკინიგზის სადგურში, ან გონივრულად შესაძლებელია მათი მარტივად მიწოდება;

როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობს, სასტუმრო ან სხვა საცხოვრებელი ადგილი და ტრანსპორტირება რკინიგზის სადგურსა და სასტუმროს/საცხოვრებელ ადგილს შორის, თუ აუცილებელია ერთი ან მეტი ღამით გაჩერება, ან აუცილებელია დამატებითი დროით გაჩერება (აღნიშნული არ ვრცელდება საერთაშორისო რეისებზე);

იმ შემთხვევაში, თუ მატარებელი გაჩერდა ლიანდაგზე, ტრანსპორტირება მატარებლიდან რკინიგზის სადგურამდე, ალტერნატიული გამგზავრების პუნქტამდე ან საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე, როდესაც ამის ფიზიკური შესაძლებლობა არსებობს.

თუ სარკინიგზო მომსახურების გაგრძელება შეუძლებელია, რკინიგზამ უმოკლეს ვადაში უნდა უზრუნველყოს მგზავრები ალტერნატიული სატრანსპორტო მომსახურებით.

მგზავრის მოთხოვნის შემთხვევაში, რკინიგზა ვალდებულია ბილეთზე დაამოწმოს სარკინიგზო მომსახურების დაგვიანების, შეწყვეტის ან მგზავრის მიერ გადასხდომაზე დაგვიანების ფაქტი, თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები