„მეჩეთი გაიხსნა და მალე დავიწყებთ მის აშენებას, თუ ვინმეს “ერთი ადგილი” აქვს შეუშალოს ხელი“ – ტარიელ ნაკაიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის პოზიციის ამსახველ ე.წ. სქრინს, რომელიც ამ უკანასკნელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

ფეხზე მკიდია თქვენი გადაწყვეტილებები და კონსერსუსები. მეჩეთი გაიხსნა და მალე დავიწყებთ მის აშენებას. თუ ვინმეს “ერთი ადგილი” აქვს შეუშალოს ხელი. ვისაც არ სურს თურქული მეჩეთი აშენდეს შემოგვიერთდეს და ქართული ავაშენოთ. არავინ არ გეკითხებათ თქვენ რას ავაშენებთ მუსლიმები. ვფიცავ ეს არ იქნება ბათუმში პირველი მეჩეთი. ამის გარდა კიდევ თუ დაგვჭირდება მესამესაც ავაშენებთ, მეოთხესაც და მეხუთესაც. და ნუ ლაყბობთ, რომ თითქოს ქართველი მუსლიმები სხვა რამის ფიქრობდნენ. ან რომელიმე ქვეყანას უძვრებოდნენ, თქვენგან განსხვავებით. თურქებს და რუსებს თქვენ უძვრებით ერთ ადგილას. აქვე მივაწერ. ვინც ამ პოსტის შემდეგ იბილწსიტყვავებს და არაკორექტულად დაწერს და მახსენებს მას უკან ვუბრუნებ მისივე სიტყვას, თან ქმედებით გაათმაგებულს თან ადგილზე მისვლის სერვისით.

ლადო მგალობლიშვილი ნაკაიძეს პასუხობს და წერს:

გუშინ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის , ბატონი თორნიკე რიჟვაძის მიერ, სრულიად სახელმწიფოებრივ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესების დაცვის, მათზე ზრუნვისა და საერთო კონსენსუსისთვის მზაობის განწყობის დაფიქსირების შემდგომ, გავეცანი ბატონი ტარიელის ცოტა არ იყოს აგრესიული პათოსით სავსე მოსაზრებას, რომელიც გაჯერებულია სიძულვილის ენით და კატეგორიულად მიუღებელი მუქარით. როგორ შეიძლება ყველაზე მგრძნობიარე და თითოეული მორწმუნისათვის ურთიერთობის იარაღი გახდეს არა სიყვარულით და პატივისცემით საუბარი არამედ მუქარა, ძალის კონტექსტი და შანტაჟი…
საქართველოს სახელმწიფო ზრუნავს და იზრუნებს მომავალშიც რომ არსებული პრობლემატიკა მოგვარდეს ისე რომ ჩვენ, ამ ქვეყნის შვილები ნაწყენობასა და გაუცხოებაში კი არ ვიყოთ ერთმანეთთან, არამედ ჩვენი სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებდეს და გვაძლევდეს ყველას განურჩევლად მრწამსისა, ვიცხოვროთ წარმატებულ სახელმწიფოში.
ბატონო ტარიელ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაგიბრუნებთ აგრესიას თქვენს აგრესიაზე, არა იმიტომ რომ ეს შეუძლებელია, არამედ დაგიბრუნებთ საკითხის განხილვაში ჩართვის და მონაწილეობის თხოვნას, ვინაიდან საღი აზრით სახელმწიფოებრივი სვლა არ ცნობს საკუთარი მოქალაქის დაჩაგვრას არცერთი ფორმით.
იმედია, ემოციას ყველა მოვერევით და ჩვენი სამშობლოს და ყოველი მოქალაქის უფლებების პატივისცემის პირობებში, როგორც ბატონმა თორნიკემ ბრძანა, გადავწყვეტთ ერთიანი ძალისხმევით და კონსესუსით ყველა საჭირბოროტო საკითხს.

წყარო: mediamall.ge

სხვა ვიდეოები