მერაბ წულუკიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატია

აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოსტზე მერაბ წულუკიძე პირველი კანდიდატია, ვისი ვინაობაც ამ დროისთვის ცნობილი გახდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის აჭარის ბიუროს კორესპონდენტმა ტელეკომპანიის დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი კანცელარიაში დღეს დაარეგისტრირა.

მერაბ წულუკიძე ამავე ტელევიზიაში რედაქტორის პოზიციაზეც მუშაობდა, ასევე იყო ტელეკომპანია “იმედის” აჭარის ბიუროს კორესპონდენტი, აქტიურ ჟურნალისტიკაში კი სულ 21 წელია საქმიანობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის პრეტენდენტმა “აიპრეს” სამომავლო გეგმებიც გაუმხილა:

“დღეს პოლარიზებულ ქართულ მედიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. გვაქვს ერთერთი საუკეთესო კანონი მაუწყებლობის შესახებ, მაუწყებლის ქცევის კოდექსი. ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება, მთავარია შევძლოთ კანონის აღსრულება და ეს სრულიად მიღწევადია პროფესიონალიზმით. მაქვს ამბიცია, რომ აჭარაში შევქმნათ ყველამ ერთად მაუწყებელი, რომელიც იქნება ყველაზე სანდო და ანგარიშგასაწევი ინსტიტუცია,”- აცხადებს მერაბ წულუკიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული ღია კონკურსი ხვალ საღამოს 18:00 საათზე სრულდება. ამ დროისთვის უცნობია სხვა კანდიდატების ვინაობა, თუმცა “აიპრესს” კანცელარიაში განუმარტეს, რომ განაცხადი რამდენიმე კანდიდატმა უკვე დაარეგისტრირა. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური 19 აპრილს, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ გახდა.

სხვა ვიდეოები