მირიან ქათამაძე: ქობულეთს თავისი სავიზიტო ბარათი, ბულვარი უნდა ჰქონდეს

“არ შეიძლება ფიქრი ინვესტიციაზე, თუ ჩვენ არ გვექნება მოწესრიგებული სანაპირო ზოლი, ალბათ 2018 წლის განმავლობაში აღარ უნდა არსებობდეს იგივე ის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ქობულეთის სანაპირო ზოლთან“, – ასეთი მოსაზრება აქვს „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატს მირიან ქათამაძეს.

რა გეგმები აქვს ქობულეთის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ექნება თუ არა ქობულეთს ბულვარი და რა ფაზაშია ამ საკითხზე მუშაობა ამის შესახებ მირიან ქათამაძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ქობულეთის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით ჩვენ მზად ვართ, გავიზიაროთ ძალიან ბევრი საერთაშორისო ხასიათის გამოცდილება. ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს და მოდი ნუ დავმალავთ ამ პრობლემებს. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რაც გაკეთდა. ჩვენ პირიქით, ვსაუბრობთ პრობლემაზე და ვეძებთ ქმედით, პრაგმატულ ნაბიჯებს ამ პრობლემის გადასაჭრელად.

სანაპირო ზოლის მოწესრიგების ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი არის ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლის მაგალითად გარკვეულ კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე ჩასმულია და 2017 წლიდან უკვე დაიწყება ამ საკითხზე მუშაობა, ნაპირსამაგრი სამუშაოები უკვე წელს დაიწყება. ამ მხრივ აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, შესაძლებელია ფონდის მიერ იქნას განხორციელებული და დაფინანსებული ამ სამუშაოების ნაწილი.

ჩვენ ვთვლით, რომ უახლოეს ხანში, ალბათ 2018 წლის განმავლობაში აღარ უნდა არსებობდეს იგივე ის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ქობულეთის სანაპირო ზოლთან, ამასთან ერთად ინტენსიურად მიმდინარეობს “პლიაჟწარმომქნელი” მასალის შეტანა, მე როგორც ვიცი ეხლა მუნიციპალური სამსახურების მიერ და ქობულეთს უნდა ჰქონდეს ლამაზი, მოვლილი, მოწესრიგებული სანაპირო. ამ საკითხთან არის პირდაპირ კავშირში ერთ-ერთი ამბიციური გეგმა, რომელიც გააჩნია მუნიციპალიტეტს და ჩვენი გუნდიც ალბათ მოვა ამ ამბიციური გეგმით, რომ ქობულეთს უნდა ჰქონდეს მისი სავიზიტო ბარათი, ეს არის ბულვარი.

ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, როგორც ვიცი აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, აქტიური კონსულტაციები. ამაზე ჯერჯერობით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მუშაობს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველი მიიღებს გადაწყვეტილებას ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ, ჩემი თანამდებობაზე განმწესების შემდეგ პირველი ნაბიჯები იქნება სწორედ ბულვარის პროექტზე მუშაობა. აქ უნდა გავითვალისწინოთ ძალია ბევრი სპეციალისტის აზრი.“

-დაახლოებით რა ტერიტორიას მოიცავს ბულვარი? 

მთელი ქობულეთი ამან შეიძლება ვერ მოიცვას, მაგრამ იქნება გარკვეულ წილად პარკიდან მოყოლებული, სანაპირო ზოლი , ბათუმისაკენ, დაახლოებით ე.წ საავადმყოფოს უბნამდე, თუმცა, დეტალები კიდევ ზუსტდება, ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, აქ ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა სპეციალისტის მოსაზრებას, რომელსაც აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცდილება და სპეციალური ცოდნა, და რაც მთავარია ქობულეთის ბულვარის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ფართო საზოგადოებრივი კონსესუსის , თითოეული მოქალაქის, თუნდაც კრიტიკულად განწყობილი მოქალაქის აზრი უნდა იყოს მოსმენილი და საღი, რაციონალური აზრი გათვალისწინებული.

ჩვენ არ ვაპირებთ ეს მხოლოდ ჩვენი მოსაზრებიდან გამომდინარე გავაკეთოთ, აქ იქნება მოსმენილი თითოეული მოქალაქის აზრი. რეკრეაციული ზონის უფრო მეტად განვითარებას ქობულეთში ყველა მიესალმება ნამდვილად, ამ იდეას ყველა მხარს დაუჭერს, მთავარია შესაბამისი საბიუჯეტო პროცესი, რომელიც აქ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. აჭარის მთავრობის მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომელიც ამ იდეას მიესალმება“.

წყარო: “ipress.ge”

სხვა ვიდეოები