მირიან ქათამაძემ ზღვის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის, რუსთაველის ქუჩისა და გელაურის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ ზღვის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის, რუსთაველის ქუჩისა და გელაურის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის პირველ პირს პროექტების მიმდინარეობა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზაზა კაიკაციშვილმა გააცნო. წელს მუნიციპალიტეტის იერსახის მოსაწესრიგებლად 22 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
„ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტი“ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე ახალი ჯებირი და კეთილმოეწყობა სავალი ნაწილი. სამუშაოების განსახორციელებლად 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროექტის დასრულება 2018 წლის ზაფხულში იგეგმება.
რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. წელს პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდება, რომლისთვისაც 698 888 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში რუსთაველის ქუჩაზე მოეწყობა საკომუნიკაციო არხები და ჭები, ასევე მოხდება ქუჩის დაზიანებული მონაკვეთების ორმული შეკეთება. პროექტის მეორე ეტაპი ქუჩის ასფალტირებას ითვალისწინებს.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მრავალწლიანი პროექტია და ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წელს ქუჩის კეთილმოწყობისთვის 1 614 624 ლარი დაიხარჯა, ხოლო წელს ჯამში 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
გელაურის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვაჟა-ფშაველას, პოპოვისა და პუშკინის ქუჩებს. მოეწყო სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გზის სავალ ნაწილზე დაიგო დეკორატიული ფილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 541 541 ლარი დაიხარჯება. გელაურში ქუჩების რეაბილიტაცია სამომავლოდაც გაგრძელდება.
დასახლებაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სპორტული მოედნის მშენებლობაც მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოედანი დეკორატიული ღობით შემოიფარგლება, დაიგება ხელოვნური საფარი და დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია მიმდინარეობს. გასულ წლებში დასახლებაში მოეწყო ახალი საკანალიზაციო სისტემა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 296 669 ლარი დაიხარჯა. ახალი საკანალიზაციო ქსელით 500 ოჯახი სარგებლობს.
მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით წელს დასახლებაში 105 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი გაიხსნა.

წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები