მოპედის მართვა სიმთვრალეში დასჯადი ხდება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით მოპედის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში დასჯადი იქნება. ცვლილება ძალაში 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან შევა.

ზემოაღნიშნულ კოდექსში შეტანილი ცვლილებებით:

„მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“
მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“
თუ ზემოაღნიშნული რომელიმე სამართალდარღვევის ჩადენისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ არის 16 წელს მიღწეული, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კანონიერ წარმომადგენელს.“

კოდექსში რამდენიმე ცვლილება შევიდა. მათ შორის შეიცვალა იმ მუხლის რედაქცია, რომელიც ადმინისტრაციული დაკავების ვადებს ადგენს. ცვლილების მიხედვით, რაც ასევე 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედდება:

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს [დღეს მოქმედი რედაქციით, გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული აუცილებლობის გამო, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით შეიძლება დაწესდეს ადმინისტრაციული დაკავების სხვა ვადები.];
პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. [მოქმედი რედაქციით: პირი, რომლის დაკავების ვადა ემთხვევა არასამუშაო დროს, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკანში საქმის განმხილველი ორგანოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე].
კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, შს მინისტრს დაევალა 2017 წლის 1-ელ ნოემბრამდე უზრუნველყოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები