მოქალაქე: ჭერი თავზე ჩამომენგრა, წვიმის დროს კი ეზოში ნავით უნდა გაცურო

ნათელა მარკოიძე ქობულეთში პოპოვის ქუჩაზე ცხოვრობს, რომელიც „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სახლი ჩამოენგრა, ბარაკის ტიპის სახლი თითქმის დანგრეულია, თუმცა თვითმმართველი ორგანოდან არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, არავინ ეხმარება.

„წვიმის დროს ეზო ისე იტბორება, ნავით უნდა გაცურო. ჭერი თავზე ჩამომენგრა, ზოგან ბჯენი მაქვს შეყენებული, რომ სულ არ ჩამოიქცეს. როცა წვიმს, ნავით უნდა გაცურო, არაერთხელ მივმართე ქობულეთის მერიას, მაგრამ მეუბნებიან რომ ფინანსები არ აქვვთ“.

ნათელა მარკოიძე ამბობს, რომ  ავარიულ ბარაკში ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელია. „ან მომცენ ფინანსური დახმარება რომ მე თვითონ ავაშენო ერთი ოთახი, ან ალტერნატიული ფართით დამაკმაყოფილონ“-გვეუბნება ის.

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ თუკი სახლი სიძველის გამო გახდა ავარიული, მის შეკეთებას  ბიუჯეტი არ ითვალისწინებს.

„მსგავს სიტუაციაში ქობულეთში ათობით მოქალაქეა, ჩვენ არ გვაქვს ისეთი სოციალური პროგრამები, რომელიც მსგავს ვითარებაში მყოფ მოქალაქეებს დაეხმარება. სამომავლოდ, როცა გვექნება ბიუჯეტის მოცემულობა, შესაბამის სამსახურებთან ერთად ვიმუშავებთ დამატებითი სოციალური პროგრამის შემუშავებაზე“-ამბობს ის.

მისი თქმით, მსგავსი პროგრამა ქობულეთის ბიუჯეტში შესაძლოა მომავალი წლიდან ამოქმედდეს.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები