მშობელი ამბობს, რომ პარტიული დროშა ბავშვისთვის სკოლაში არ გაუტანებია

შუახევის მუნიციპალიტეტის სხეფის სკოლის პედაგოგი მალხაზ დავითაძე ერთ-ერთი პირველკლასელის მშობელია, მისი შვილი „ქართული ოცნების“ დროშით გადაიღეს. ამბობს, რომ პარტიული ატრიბუტიკა  ბავშვისთვის სასწავლო დაწესებულებაში მას არ გაუტანებია.

„სკოლაში დაუდევრობას ჰქონდა ადგილი, არ ვიცი საიდან მოიტანეს დროშები. პირველი დღე იყო და ალბათ მოსწავლეებს სათანადო ყურადღება ვერ მიაქციეს. ასე არ შეიძლება. ვაპროტესტებ, ბავშვებს პარტიის დროშა არ უნდა ჰქონოდათ. მასწავლებელს კი  სურათი არ უნდა გადაეღო და სოციალურ ქსელში არ უნდა აეტვირთა“ – ამბობს მალხაზ დავითაძე. პედაგოგი ირწმუნება, რომ საკითხს სკოლაში დეტალურად განიხილავენ და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის სკოლაში სამი პირველკლასელია.  პედაგოგმა  მარინა დარჩიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ფოტოები გაავრცელა.  ბავშვები კლასში მერხთან „ქართული ოცნების“ დროშებით სხედან.

კიდევ ერთი დეტალი. მარინა დარჩიძე, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სხეფის მეორე უბანზე,  ოლქის მიერ არჩეული საუბნო კომისიის წევრი იქნება. ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ამავე უბანზე თავმჯდომარის მოადგილე იყო.  „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორის, მადონა ბერიძის განმარტებით, ამ კუთხით პედაგოგის ქმედება კანონდარღვევად ვერ ჩაითვლება. „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს უფლებამოსილება, საუბნო საარჩევნო კომისიის პირველივე სხდომის გამართვისთანავე ენიჭებათ. ეს სხდომები ჯერ არ გამართულა. შესაბამისად მარინა დარჩიძის ქმედება ამ კუთხით სამართალდარღვევა არ არის“ – ამბობს მადონა ბერიძე.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები