მთავრობა ბათუმში კვადრატულ მეტრ მიწას 50 ლარად და უპირობოდ ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, თამარის დასახლებაში 3 465 კვ/მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს უპირობოდ, ელექტრონული აუქციონით ყიდის. შესყიდვის საწყისი ფასი 160 000, ვაჭრობის ბიჯი კი 4000 ლარია. საწყისი ფასის მიხედვით, თუ ელექტრონულ ვაჭრობაში ნაკვეთის ყიდვის სურვილი მხოლოდ ერთმა პირმა გამოთქვა, ერთი კვადრატული მეტრს მსურველი დაახლოებით 50 ლარად შეიძენს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ეს საბაზრო ფასია.

ამ ნაკვეთის გვერდით სამინისტრო კიდევ ერთ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს – 7 941 კვ/მეტრს, პირობადებული აუქციონით ყიდის. ნაკვეთის საწყისი ფასი 358 000 ლარია, რომლის მიხედვითაც კვადრატული მეტრის ფასი, დაახლოებით 46 ლარი, ვაჭრობის ბიჯი კი 10 000 ლარია. აუქციონის მთავარი პირობა ამ ტერიტორიაზე ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების ცენტრის და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მოწყობა და ამისთვის მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებაა. მყიდველმა მშენებლობის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს ასევე არანაკლებ  საქართველოს ასი მოქალაქის დასაქმება და როგორც დასაქმებულების რაოდენობა, ასევე პროექტის პროფილი ხუთი წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს.

არის თუ არა პირობები სამართლიანი მაშინ, როცა ერთსა და იმავე ტერიტორიაზე სამინისტრო ერთ კვადრატულ მეტს 50 ლარად უპირობოდ და მეორე შემთხვევაში მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების პირობით ყიდის? – სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გელა ცინცაძე განმარტავს, რომ პირობა სამართლიანია:

„ნაკვეთის ფასი განსაზღვრულია აუდიტის დასკვნის მიხედვით და მას აქვს არგუმენტები. რაც შეეხება იმას, სამართლიანია თუ არა ის, რომ ასევე თამარის დასახლებაში მეორე ნაკვეთი იყიდება ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების აღების პირობით – სამართლიანია, რადგან თვითონ ინვესტორმა, რომელსაც სურს ამ ნაკვეთის შეძენა, შემოგვთავაზა ეს პირობა. მეორე ნაკვეთს კი ყიდის სამინისტრო და თავისუფლებას ანიჭებს მყიდველს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ააშენებს იქ“, – განმარტა გელა ცინცაძემ.

სახელმწიფო ქონების გასხვისების ორივე ფორმას იწუნებს საიას ბათუმის ორგანიზაცია. საიას იურისტის ანა მდინარაძის შეფასებით, ორივე შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქონების ამ ფორმითა და ამ პირობით განკარგვა არ იქნება რაციონალური და იგი ხელს ვერ შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას რეგიონში:

ნებისმიერი რესურსი არის ამოწურვადი, ამიტომ,მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა მოახდინოს გრძელვადიანი პერსპექტივითა და საზოგადოებრივ, საყოველთაო სიკეთეზე ორიენტირებით. ანუ ქონების გასხვისებით პირდაპირ თუ ირიბად ისევ საზოგადოებამ უნდა მიიღოს სარგებელი. ამ შემთხვევაში, მოცულობითი მიწის ნაკვეთის განკარგვა ისე ხდება, რომ ერთ  შემთხვევაში ძალიან ზოგადი პირობა აქვს ქონების შემძენს წაყენებული, ხოლო მეორე შემთხვევაში, არავითარი პირობა არ არის დადგენილი“.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები