მუხამედ თავართქილაძე: ვერასდროს წარმოვიდგენდი, 83 წლის ასაკშიც თუ მომიწევდა გრეიდერის მძღოლობა

25 წლიანი პაუზის შემდეგ ხულოში მცხოვრები მუხამედ თავართქილაძე თავის პროფესიას დაუბრუნდა. 83 წლის მუხამედი გრეიდერის მძღოლად 35 წლის განმავლობაში მუშაობდა, როგორც თვითონ ”აიპრესთან” ყვება, ეს მისთვის ყველაზე საყვარელი პროფესია იყო, თუმცა პენსიაზე გასვლის შემდეგ სახლში მოუწია წამოსვლა.

მისივე თქმით, ის კი არაა მნიშვნელოვანი, სად მუშაობ ან რა თანამდებობა გიკავია, არამედ მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ მუშაობ და რამდენად გიყვარს შენი პროფესია.

მუხამედი იმასაც აღნიშნავს, რომ ამ 25 წლის განმავლობაში ხშირად იხსენებდა მუშაობის დროს და ხშირად მოადგებოდა თვალზე ცრემლი, ახლა, როდესაც მიიღო შემოთავაზება, კვლავ გაეგრძელებინა გრეიდერის მძღოლად მუშაობა, დაუფიქრებლად დათანხმდა.

”35 წელი ვმუშაობდი გრეიდერის მძღოლად, როდესაც პენსიაზე გავედი და სახლში წამოსვლა მომიწია. ხშირად ვიხსენებდი იმ დროებს და თვალზე ცრემლიც კი მომდგომია, რადგან ეს ის სამუშაო იყო, სადაც თავს კარგად ვგრძნობდი. ბევრი რთული დღეებიც გამომივლია მაგრამ ეს უფრო საინტერესოს ხდიდა ამ ყველაფერს.

ჩემი აზრით, იმას არ აქვს მნიშვნელობა სად მუშაობ ან რა თანამდებობა გიკავია, არამედ მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ მუშაობ და რამდენად გიყვარს შენი საქმე. მე ამ საქმეზე შეყვარებული ადამიანი ვარ.

ვეღარასდროს წარმოვიდგენდი ამ ასაკში თუ კვლავ მომიწევდა გრეიდერის მძღოლობა, თუმცა როცა შემოთავაზება მივიღე გამიხარდა ძალიან, პირველ რიგში ის, გამიხარდა, რომ მე ამ ასაკშიც კი შემიძლია ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე.” – განაცხადა ”აიპრესთან” მუხამედ თავართქილაძემ.

წყარო”ipress.ge”

სხვა ვიდეოები