მუზეუმების თანამშრომელთა გადამზადება გრძელდება

9 Photos · Updated 4 minutes ago
2017 წლის 18-19 ივლისს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებითა და ფინანსური მხარდაჭერით ადგილობრივი მუზეუმების თანამშრომლებისთვის ტრენინგების II ეტაპი ჩატარდება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუზეუმების სამმართველოსა და საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლები გაუძღვებიან. სამუშაო შეხვედრები საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემაში – egmc.gov.ge – ჩართვის მიზნით ხორციელდება და მასში, ამ ეტაპზე, მონაწილეობას სამინისტროს სისტემაში შემავალი სამი მუზეუმის თანამშრომელები იღებენ (ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, აჭარის ხელოვნების მუზეუმი). აღნიშნული სისტემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიცირებითა და ფინანსური მხარდაჭერით საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ შეიქმნა. ეს არის დახურული სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, მუზეუმებში არსებული ექსპონატები აღირიხცოს ელექტრონულად და ინახებოდეს ბაზაში, რომელზეც წვდომა ექნებათ დარგის სპეციალისტებს. მსგავსი სისტემები უკვე რამდენიმე წელია არსებობს სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში და წარმატებით ფუნქციონირებს. აღნიშნული პროექტი სამინისტროს პროგრამის – “კულტურის ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა” – ფარგლებში ხორციელდება. გადამზადებულ თანამშრომლებს საშუალება ექნებათ თავიანთი ცოდნა რეგიონში არსებული სხვა მუზეუმების თანამშრომლებსაც გაუზიარონ. ზემოაღნიშნულ სისტემაში უკვე ჩართულია საქართველოს ეროვნული მუზეუმი. დღესდღეობით აჭარის რეგიონში 15 მოქმედი მუზეუმი ფუნქციონირებს. თანამედროვე სტანდარტებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნია ადგილობრივი მუზეუმების ეტაპობრივად ჩართვა საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემაში – egmc.gov.ge
“აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები