ნარკოდანაშაულზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციომ გამამტყუნებლით შეცვალა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. 2017 წლის მაისში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძემ თურქეთის მოქალაქე ასიმ ემანეთი გაამართლა. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ბრალდებულის პირად  ჩხრეკას თარჯიმანი არ ესწრებოდა.

ასიმ ემანეთს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებოდა. პროკურატურის ვერსიით, იგი ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე დააკავეს და ჩხრეკის შედეგად 48 აბი სუბოტექსი აღმოუჩინეს.

გამამართლებელი განაჩენის გამოტანის დროს ადვოკატი ჯემალ კიკნაძე ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ სასამართლომ გამოძიების მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევას გაუწია ანგარიში. მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ასიმ ემანეთს 6 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო მხოლოდ სახლის ჩხრეკის ეპიზოდს დაეყრდნო, სადაც თარჯიმანი უკვე ჩართული იყო.

ასიმ ემანეთი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციით, მსჯავრდებული ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები