ომანელი ტურისტები: გამომძალველებმა ღამის კლუბიდან 800 ლარი დაგვიბრუნეს

ტურისტები ომანიდან ბათუმში 24 ივლისს ჩამოვიდნენ. იმავე ღამეს ისინი ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბს ეწვივნენ, გართობის მიზნით. როგორც ტურისტებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, შეუკვეთეს ხილის ასორტი და „ბორჯომი“. „მერე ორი გოგო მოვიდა. ერთი გოგო ჩემს მეგობარს მუხლებზე დაუჯდა, მეორე გვერდით იყო. არაყი შეუკვეთეს. თვითონ სვამდნენ, ჩვენ – არა. ცეკვას ვუყურებდით…“ – აცხადებდნენ ტურისტები, რომლებიც დასძენდნენ, რომ ერთ-ერთმა გოგონამ სექსუალური მომსახურება შესთავაზა 150 ლარის სანაცვლოდ. „უარი ვუთხარით“, – აცხადებდნენ ტურისტები.

ტურისტები ყვებიან, რომ ღამის კლუბის თანამშრომლებმა მათ მიუტანეს ქვითარი, რომლის მიხედვითაც 1035 ლარი ჰქონდათ გადასახდელი. მეორე ჯერზე ქვითარში თანხა 777 ლარამდე შეამცირეს, მაგრამ ტურისტები არც ამ თანხის გადახდას დასთანხმდნენ. „დაცვის ბიჭები მოვიდნენ, მკლავზე ხელი მომკიდეს და მითხრეს, რომ ცალკე ოთახში გაგვიყვანდნენ და გვცემდნენ. ფული გადავიხადეთ. ქვითარი დაცვის თანამშრომელმა იქვე დახია“, – აცხადებდა ერთ-ერთი ტურისტი, რომლმაც დასძენდა, რომ მათ ღამის კლუბში 300 ევრო გამოძალე.

მეორე დილით ტურისტებმა თანხის გამოძალვის შესახებ აჭარის პოლიციას შეატყობინეს. გამოძალვის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ტურისტებისთვის ის გაგრძელება მოჰყვა, რომ მათ ბათუმში ყოფნის 5-დღიანი მონაკვეთის დიდი ნაწილი პოლიციისა და პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში გაატარეს. გამოძიების მოთხოვნით მათ ორჯერ გააუქმეს მატარებელზე დაჯავშნილი ბილეთი.

ტურისტების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მათ გამოძიებამ ბათუმის დატოვების უფლება მისცა, მათ დაუკავშირდნენ კლუბის მეპატრონეები და თანხა – 800 ლარი დაუბრუნეს. სანაცვლოდ მათ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რითაც დაადასტურეს, რომ თანახმა არიან ბრალდებულებს საპროცესო გარიგება გაუფორმდეთ.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები