პარლამენტში ბავშვების ინტერნეტ-საფრთხეებისგან დასაცავად კანონპროექტი მომზადდა

“როგორ დავიცვათ ბავშვები ინტერნეტში არსებული მავნე ინფორმაციისგან“ – აღნიშნულ თემაზე საკანონმდებლო ორგანოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ექსპერტებთან ერთად “გაეროს ბავშვთა ფონდის” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმსჯელეს. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ მისი ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი საბოლოო ექსპერტიზას გადის, რომლის შემდეგაც მისი ინიცირება პარლამენტში მოხდება.

“ფართო კონსულტაციების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირების აქტიური მონაწილეობით შემუშავებული კანონპროექტი ერთადერთი გამოსავალია, რომელმაც პროვაიდერები უნდა აიძულოს, ინტერნეტსივრცე ხიფათის შემცველი ინფორმაციისგან გაათავისუფლოს, რათა არასრულწლოვნები ამ ტიპის ინფორმაციისგან დავიცვათ“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თვმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

დიმიტრი ხუნდაძე: „ის, რაც დაუშვებელია ინტერნეტს მიღმა, დაუშვებელი უნდა იყოს ინტერნეტშიც. ცვლილებები შედის კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და კანონში „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა იმ რეალურმა ვითარებამ განაპირობა, რაც ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდება. ინიციატივის მიზანია არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტსივრცეში ისეთი სახის ინფორმაციისაგან, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას და განვითარებას. რაც შეეხება რისკის ტიპებს, ესენია: კონტენტისა და კონტაქტის რისკები (პორნოგრაფია და ა.შ.); სამომხმარებლო რისკები (ონლაინ მარკეტინგი, ყალბი ტრანზაქციები და ა.შ.) და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები (სოციალური ქსელების გამოყენება პოტენციური გრძელვადიანი შედეგების გააზრების გარეშე). კანონპროექტის მიზანი ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური სამყაროს შექმნაა. გვსურს, ინტერნეტი გავხადოთ უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებს ახალი ტექნოლოგიების თითოეული სპექტრისა და შესაძლებლობის გამოყენებას.“

დისკუსიაზე – „ბავშვები ციფრულ სამყაროში“ იმსჯელეს, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ინტერნეტში არსებული მავნე ინფორმაციისგან. გაეროს ბავშვთა ფონდმა აღნიშნულ საკითხზე კვლევის შედეგებიც წარადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები