პატიმარი ბათუმის ციხიდან: ვშიმშილობ, რადგან ზღვარს გადაცდა არაადამიანური მოპყრობა

„მიმდინარე წლის 20 ივლისს დავიწყე შიმშილობა, უკვე ზღვარს გადაცდა არაადამიანური მოპყრობა,“ – წერს ბათუმის მესამე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული კახა მეცხვარიშვილი. პატიმრის თქმით, მას შესაბამის სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ და აწუხებს ფიზიკური ტკივილები. სახალხო დამცველის გარდა, იგი დახმარებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას სთხოვს.

მსჯავრდებული წერს, რომ მას სჭირდება ქირურგიული ჩარევა, ასევე ფსიქიატრის, დერმატოლოგის, ოფთალმოლოგის, ნერვოლოგის და თერაპევტის კონსულტაციები.

ციხიდან გამოგზავნილ წერილში პატიმარი იხსენებს შემთხვევას, როცა მის მიმართ აქამდე განხორციელებულ სამედიცინო მომსახურებაში უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი დაადგინა სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო მანამდე მუდმივად ამტკიცებდა, რომ ამ კონკრეტულ მსჯავრდებულს შესაბამის სამედიცინო მომსახურებს უწევდნენ.

„საინტერესოა, ერთხელ ცხოვრებაში პატიმარი გამართლდეს, ვერასდროს გადაცდომას ვერ ნახულობენ… დამცინიან, ექსპერიმენტებს მიტარებენ, იციან სიკვდილით არ მომკლავენ, მაგრამ ჩემი შიმშილით რას მოიგებენ ეს ნაციონალები… იმ დონეზე მაწვალებენ უკვე, მე შიმშილობის გამჩერებელი არა ვარ…“ – წერს კახა მეცხვარიშვილი.

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კახა მეცხვარიშვილი მხოლოდ ერთი დღით – 24 ივლისს შიმშილობდა. სამინისტროს „ბათუმელებისთვის“ არაერთხელ მოუწოდებია ინფორმაცია კახა მეცხვარიშვილისთვის სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ.

სახალხო დამცველის წარმომადგენელს პატიმარი, ჯერჯერობით, არ მოუნახულებია.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები