პეტრას ციხეზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალში ციხის რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმით ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება იგეგმება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ციხის მუზეუმ-ნაკრძალში მოეწყობა მისასვლელი გზები, ბილიკები და საექსპოზიციო ნაგებობები. ასევე გაკეთდება ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები. ციხის პოპულარიზაციის მიზნით ასევე განიხილება ყოველწლიური ფესტივალის „არტ ფესტივალი პეტრა“-ს გამართვის იდეაც.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პეტრას ციხესიმაგრეს, როგორც რეგიონში ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას აქტიურ პოპულარიზაციას როგორც საიმიჯო კლიპებით, ასევე სხვადასხვა სარეკლამო აქტივობებით უწევს… ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ციხე ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ციხეზე დაგეგმილ პროექტებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილ ადგილზე გაეცნენ. პეტრას ციხეზე ისინი ედინბურგელ მკვლევარებს – ემანუელე ინტალიატასა და მართა კარლოტა რავიცაას შეხვდნენ. მკვლევარები, ქართველ არქეოლოგ დავით ნასყიდაშვილთან ერთდ პეტრას ციხეზე ბიზანტიური ეპოქის ნაშთებს იკვლევენ.

პეტრას ციხე უძველესი ციხე-ქალაქის ნანგრევებს წარმოადგენს და ის ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, მდებარეობს.
“გაზეთი ბათუმელები”

სხვა ვიდეოები