“ქართული ოცნება” შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ ზამლეთის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის ფურტიოს, ბუთურაულის, ნიგაზეულის, ნენიის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან ამირან ბერიძე წარუდგინა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილზე მოისმინა მათი პრობლემები. ,,მე დღეს ვიმყოფები მოსახლეობით ყველაზე დიდ ადმინისტრაციულ ერთეულში,სადაც ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ფურტიოში აშენდა საბავშვო ბაგა-ბაღი, რომელიც მალე შევა ექსპლუატაციაში. ჩვენი პატარები მიიღებენ სკოლამდელ განათლებას, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლება. მოეწყო რაგბის მოედნი, რომელიც რაგბით დაინტერესებულ ყველა მოზარდს მოემსახურება, რაგბის პოპულარიზაციას და განვითარებას შეუწყობს ხელს და ჩვენს მომავალ თაობას ჩამოუყალიბდება ჯანსაღი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. საუკუნის პროექტად შეიძლება ჩაითვალოს სხალთის ხეობიდან ფურტიო-ბუთურაული-ნენიისთვის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც სამი სოფლის მოსახლეობას უზრუნველყოფს სასმელი წყლით. აშენდა ზამლეთის, წიახის, მჭედლურის დაწყებითი სკოლები, მშენებლობა მიმდინარეობს კაკალაძეებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე დაწყებით სკოლას. სოფლებში მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, ისტორიულ ციხეებზე გარე განათებები და ბილიკები.რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის გზებს, უბნებში და სამთო იალაღებზე მოეწყო გარე განათებები. წელს ცენტრალური გზიდან სოფელ ნენიამდე დაეგო ასვალტობეტონის საფარი. აქვე მინდა დავსძინო, რომ გაზრდილი ადგილობრივი ბიუჯეტის და მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის მეშვეობით კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება ინფრასტრუქტურა საქართველოს ყველა კუთხეში, მათ შორის ჩვენს მუნიციპალიტეტში. ჩვენ ამბიცია გვაქვს გვქონდეს ძლიერი, ხალხთან დაახლოებული თვითმართველობა. ხალხის ყველა გამოწვევას უნდა დავუდგეთ წინ, რათა დროულად გადაიჭრას ის პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს“-განაცხადა „ქართული ოცნების“ შუახევის მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას. ფრიდონ ფუტკარაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას ასევე ყურადღება გაამახვილა სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებზე, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარებაზე და იმ პრიორიტეტებზე, რომელიც 4 წლის მანძილზე უნდა განხორციელდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

წყარო: “ფრიდონ ფუტკარაძის მხარდამჭერები”

სხვა ვიდეოები