ქართული სადაზღვევო ბაზარი – ინდუსტრია 2017 წელს აფასებს

ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 16 სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი. როგორც ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, კონკურენცია საკმაოდ მაღალია, რის შედეგადაც მომხმარებელი სხვადასხვა სახის სადაზღვევო პროდუქტსა და სერვისს იღებს.

ამ დროისთვის 2017  წლის   ფინანსური შედეგები უცნობია, თუმცა, დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის ოფიციალური სტატისტიკით 2017 წლის 3 კვარტალში სადაზღვევო კომპანიებმა მოიზიდეს 345,72 მლნ ლარის პრემია. ამავე პერიოდში ანაზღაურებულმა სადაზღვევო ზარალმა კი 174,09 მლნ. ლარი შეადგინა.

Caucasus Business Week-ი დაინტერესდა რა მდგომარეობა და ტენდენციები იყო 2017 წელს  სადაზღვევო ბაზარზე, როგორ აფასებენ ინდუსტრიის განვითარებას როგორც კერძო  სექტორის წარმომადგენლები, ისე დარგის სპეციალისტები და რა მოლოდინები არსებობს 2018 წლისთვის.

“დაზღვევის ასოციაციის” თავმჯდომარე  დევი ხეჩინაშვილის შეფასებით, სადაზღვევო ბაზრისთვის  2017 წელი პოზიტიურად  გამორჩეული  არ ყოფილა. მისი თქმით, ის პრობლემები, რომელიც  ინდუსტრიაში არსებობდა  არ მოგვარებულა და ისევ მწვავედ დგას.

ხეჩინაშვილის განცხადებით,  2017 წელს ციფრებში ზრდაა, რომელიც სამწუხაროდ არ არის შედეგი  სადაზღვევო მოცვის ზრდის და სადაზღვევო ურთიერთობების განვითარების.  მისი შეფასებით, 2017 წელს თითქმის იგივე რაოდენობის ხალხი ეზღვევა, რაც  წინა წლებში ეზღვეოდა. ზრდა ძირითადად, ინფლაციურია.

“ეს არის უპირველეს ყოვლისა სამედიცინო ფასების ინფლაცია, გადაწყვეტილებები მთავრობის, რომელმაც გაზარდა ხარჯები კერძო ჯანმრთელობის დაზღვევაში. ეს არის ის, რაც იყო ყოველთვის. სადაზღვევო ბაზარი ცოტა უფრო სწრაფად ეზღვეოდა, ვიდრე ეკონომიკა. თუმცა, ეს ზრდა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა, საზოგადოება, სადაზღვევო ბაზარი, სახელმწიფო არის  სადაზღვევო თვალსაზრისით კარგად დაფარული და რისკების შეთხვევაში ძირითადი ხარჯები ანაზღაურებული იქნება”, – აცხადებს ხეჩინაშვილი.

რაც შეეხება 2018 წელს და მოლოდინებს, ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ დაიწყება განხორციელება დაანონსებული  სავალდებულო დაზღვევების. ხეჩინაშვილის განცხადებს, ეს სადაზღვევო ბაზარს გარკვეულ იმპულსს მისცემს.

“იმედი მაქვს, რომ 2018 წელს საყოველთაო დაზღვევების  სერვისების წვდომაზე  გვექნება წინსვლა როგორც საპარლამენტო დონეზე, ასევე სამინისტროსთან ურთიერთობაში. იქ არსებული პრობლემები რომელიც კერძო დაზღვევის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ახასიათებს ბოლომდე აღმოიფხვრება”, – აცხადებს ხეჩინაშვილი.

“სადაზღვევო  ინსტიტუტის” პრეზიდენტის გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, 2017  წელი სადაზღვევო ინდუსტრიისთვის შესაძლოა პოზიტიურად შეფასდეს. მისი განცხადებით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი სტაბილურია, ეს კი სადაზღვევო ბაზარს ძალიან უყვარს. გიგოლაშვილის  მტკიცებით, წელს არავითარი რყევები და ბაზრიდან გასვლები არ ყოფილა.

როგორც გიგოლაშვილი აცხადებს, წელს საკმაოდ აქტუალური იყო ხანძრების თემა.

“პირველი ხანძრის, ანუ ბავშვთა სამყაროს  შემთხვევაში არავის არ ჰქონდა დაზღვეული, ხოლმე ელიავას ბაზრობის შემთხვევაში უკვე 30-დან 17-ს ჰქონდა დაზღვევა”, – აცხადებს გიგოლაშვილი.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები