ქედის 2018 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით 1 379 200 ლარით გაიზარდა

ქედაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ჯემალ ტაკიძემ აუდიტორიას 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, პრეზენტაციის სახით წარუდგინა. განხილვას საზოგადოების წევრები, მოქალაქეები, მერის მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები და თვითმმართველობის წევრები ესწრებოდნენ. განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მოქალაქეებისთვის საინტერესო კითხვებს, მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე პასუხობდნენ.

2018 წლის ქედის ბიუჯეტმა 9 536 900 ლარი შეადგინა; ანალოგიურ, 2017 წლის ბიუჯეტთან (8 157 700) მიმართებაში, 1 379 200 ლარით გაიზარდა.

დასახელდა რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტები: ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურიზმის განვითარება, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობის სფეროების ხელშეწყობა.

დაიგეგმა: წყალსადენების მშენებლობა-რეაბილიტაცია, დაბის კეთილმოწყობა, აწჰესისი ტურისტული განვითარება, სამთო ტურიზმის განვითარება, სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; დაემატა ახალი სოციალური პროგრამები.

ასევე იგეგმება: აგარის სოციალური სახლის მშენებლობა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ნაპირსამაგრი სამუშაოების გაგრძელება და ა.შ.

ქედის მერიის ინფორმაციით ბიუჯეტი მორგებულია მოსახლეობის აუცილებელ საჭიროებებზე და გათვალისწინებულია აქამდე წარმოდგენილი რიგი შენიშვნები.

მთავარი ფინანსური დოკუმენტი, ქედის საკრებულომ 31 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები