ქეთევან დუმბაძე – „უცხოეთში სტაჟირების“ ქვეპროგრამის გამარჯვებული

ქეთევან დუმბაძე სამინისტროს უცხოეთში სტაჟირების ქვეპროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. იგი სტაჟირებას გადის ესპანეთში, ვალენსიის რეგიონში მარკეტინგისა და კომუნიკაციების სააგენტოში MARKETING IDEAMIXTA S.L-ში, სოციალური მედიის ჟურნალისტის კვალიფიკაციით.
ქეთევან დუმბაძე – „ათი წელია ჟურნალისტიკის სფეროში ვარ. ბოლოს სოციალური მედიის მიმართულებით ვმუშაობდი. ვწერდი სტატიებს და ვამზადებდი სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის მასალას სოციალური პლატფორმებისთვის. დღეს ონლაინ მედია უსწრაფესად ვითარდება. იქმნება ინფორმაციის ოპერატიულად და ეფექტურად გავრცელების ალტერნატიული, ინოვაციური საშუალებები. საქართველოში გარკვეულ სამსახურეობრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების დროს ყოველთვის მიჩნდებოდა ცნობისმოყვარეობა და სწრაფვა, გამეგო როგორ იქცევიან მსგავს შემთხვევებში ჩვენი საერთაშორისო კოლეგები. გადავწყვიტე, რომ ამ კუთხით უნდა მიმეღო ევროპული ცოდნა და გამოცდილება და მთელი ძალისხმევა ჩამედო იმაში, რასაც ვაკეთებ. ვეცნობოდი პროგრამებს, რომელიც უცხოეთში სტაჟირების გავლის საშუალებას მომცემდა. სამინისტროს „უცხოეთში სტაჟირების“ ქვეპროგრამა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა. მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე და ახლა სტაჟირებას გავდივარ ვალენსიაში მარკეტინგისა და კომუნიკაციების სააგენტოში. კომპანიის საქმიანობა სოციალური მედია-მარკეტინგია. მომხმარებლები ტურისტული კომპანიებია, შესაბამისად ვმუშაობ ტურისტული ობიექტების სოციალური გვერდების კონტენტსა და დიზაინზე ესპანელ, იტალიელ, არგენტინელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად. ყოველი დღე არის ძალიან საინტერესო, შემოქმედებითი და დატვირთული. ეს არის ახალი ეტაპი იმისთვის, რომ აღმოვაჩინო საკუთარი შესაძლებლობები სწრაფად ცვალებად სამყაროში.”
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარმატებებს უსურვებს ქეთევან დუმბაძეს.
სამინისტრო აჭარის რეგიონიდან ყოველწლიურად აგზავნის 8 ახალგაზრდას ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი ქვეყნების რეგიონებში პროფესიული სტაჟირების გასავლელად.
უცხოეთში სტაჟირების მსურველთა განცხადებების მიღება მიმდინარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ.№4.
“აჭარის კულტურის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები