ქობულეთის ახალი მერი მირიან ქათამაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა

მირიან ქათამაძე 2017 წლის 21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერად. იგი დაიბადა 1977 წლის 30 მარტს. 1999 წელს დაამთავრა ზენითის საჯარო სკოლა. 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით. 1999-2003 წლებში გაიარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურის სრული კურსი, 2006-2011 წლებში კი – იმავე ფაკულტეტის დოქტორანტურა. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის ადვოკატი. 2004-2006 წლებში მუშაობდა „აჭარის ენერგოკომპანიის“ (ამჟამინდელი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აჭარის ფილიალი) იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2006-2014 წლებში „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“ იყო ჯერ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, შემდეგ გენერალური დირექტორი. 2014 წელს ეკავა „ბათუმის ნავთობტერმინალის“ იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობა. 2015-2016 წლებში მუშაობდა შპს „ნიუ ოილ ტრანს კომპანის“ მმართველი დირექტორის თანამდებობაზე. 2015-2016 წლებში ეწეოდა დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას. 2016 წლიდან 2017 წლის სექტემბრამდე ეკავა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
მირიან ქათამაძე 2002 წლიდან დაკავებულია პედაგოგიური საქმიანობით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. იგი არის ხუთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საქართველოში და საზღვარგარეთ გავლილი აქვს სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსი და ტრენინგი; მათ შორის: საფრანგეთში, უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში, ავსტრიასა და ესპანეთში. ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები