ქობულეთში სამ ოჯახს მეწყერმა საფრთხე შეუქმნა

ქობულეთის სამ სოფელში – ციხისძირში, დაგვასა და ბობოყვათში მეწყერი განვითარდა. მეწყერმა პრობლემები შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს. ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ციხისძირში, მეწყერი დუმბაძის სახლთან ახლოს და მისასვლელ გზაზე ჩამოწვა.

„ტექნიკა ავიყვანეთ და მისასვლელი გზა გავწმინდეთ, ბობოყვათში ლაზიშვილის ოჯახთან არის ასევე მეწყერი, იქაც გზა არის ჩაკეტილი და ტექნიკას გავაგზავნით,“-ამბობს გამგებელი. მისი თქმით, ამ ეტაპზე ოჯახების ევაკუაცია არ არის აუცილებელი.გამგებლის თქმით, იმ სახლებთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, გამაგრებითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. „ჩვენ კომისიაზე გავიტანთ ამ საკითხს, შევიძენთ მასალებს და გავამაგრებთ ფერდობებს“.

გამგებელი ამბობს, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარე აჭყვაც ადიდდა, რამაც შესაძლებელია დამატებითი პრობლემები შექმნას. ციხისძირში, იმ ადგილზე, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა ევკალიტპის ხე წაიღო, ტერიტორია დაიტბორა. თუმცა გამგებელი ამბობს, რომ დატბორვა ტექნიკურმა სამუშაოებმა გამოიწვია: „ამ ადგილზე კოლექტორი კეთდება და ამან გამოიწვია დატბორვა, მაგრამ ჩვენ გავხსენით კოლექტორი და წყალი უკვე აღარ დგას“-ამბობს ის.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები