ქობულეთში სანაპიროზე ჯებირის მშენებლობა მიმდინარეობს

ზღვის სანაპიროზე ახალი საფეხურებიანი ჯებირის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მერიისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. „აღნიშნული პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქობულეთის შემდგომი ეკონომიკური განვითრებისთვის. სამუშაოები ამ ეტაპისთვის გეგმიურად მიმდინარეობს. ჩვენ შესაბამის სამსახურებთან ერთად ვაწარმოებთ ყოველდღიურ მონიტორინგს, რათა სამუშაოები ხარისხიანად განხორციელდეს“ – აღნიშნა ქობულეთის მერმა.
„ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტი“ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე ახალი ჯებირი და კეთილმოეწყობა სავალი ნაწილი. სამუშაოების განსახორციელებლად 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროექტის დასრულება 2018 წლის ზაფხულში იგეგმება.
ქობულეთის სანაპიროს კეთილმოწყობა მრავალწლიანი პროექტია და ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წლებში სანაპირო ზოლზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მოეწყო საკანალიზაციო ქსელი და ახალი წყალსადენი სისტემები. სამუშაოების განსახორციელებლად ჯამში 600 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა პლაჟის მოსაწესრიგებლად. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სანაპიროს სამ ლოკაციაზე შეტანილი იქნა 195 000 მ3 პლაჟწარმომქმნელი მასალა.

პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება და სანაპიროზე ყოველწლიურად 50 ათასი მ3 ინერტული მასალის ჩაყრაა გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების შედეგად მოხდება სანაპირო ზოლის პარამეტრების გაზრდა, შემცირდება შტორმის დროს ნაპირსამაგრ საფეხურებიან კედელზე ტალღების ზემოქმედება, რაც როგორც ტურისტებსა და დამსვენებლებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული, დაცული სანაპირო ზოლით ისარგებლონ.
სანაპიროზე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სამომავლოდ დაგეგმილია არსებული ნაპირდამცავი ნაგებობების აღდგენა-რეაბილიტაცია და სავალი ნაწილის კეთილმოწყობა.

წყარო:”მირიან ქათამაძე ქობულეთის მერი / Mirian Katamadze

 

სხვა ვიდეოები