ქობულეთში ვიზიტორთა ახალი ცენტრი გაიხსნა

ქობულეთში, ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ახალი ცენტრი გაიხსნა. შენობა ვიზიტორთა ცენტრს, საგამოფენო სივრცეს, სასტუმროს 4 ნომერსა და კაფეტერიას მოიცავს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებლობასა და შენობის კეთილმოწყობაზე 1 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შენობა კოლხეთის განვითარების ფონდისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მოეწყო.

ჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2017 წელს, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა 26%-ით გაიზარდა. ასევე 32%-ით გაზრდილია დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი. 2017 წელს დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან ეწვია. 2017 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები 30%-ით გაიზარდა.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო მნიშვნელობის, უნიკალური, რამსარის კონვენციით აღიარებული ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მიზნით 1998 წელს შეიქმნა. დღეისათვის ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე 3 ტურისტული მარშრუტია მოწყობილი.

ცენტრი 13 ივლისს გაიხსნა. პრესსამსახურის ინფორმაციით, გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს გარემოსა დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები