ქორწილი, ოფროუდი, დოღი და ჭიდაობა – “შუამთობა” ბეშუმში

კურორტ „ბეშუმში“ ტრადიციული სახალხო დღესასწაული შუამთობა გაიმართა.

შუამთობის დღესასწაულის ფარგლებში, ბეშუმში ფოლკლორული კონცერტი, სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობაში, დოღში გაიმართა.

წელს პირველად შუამთობის ისტორიაში გაიმართა აჭარის ღია ჩემპიონატის პირველი ეტაპი ოფროუდში.

ტრადიციისამებრ, შედგა მექორწილე წყვილის ნიშნობის ცერემონია.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

წელს ტრადიციული დღესასწაული „შუამთობა“ განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო. დამსწრე საზოგადოებას, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელ ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად, სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

სახალხო დღესასწაული მაყურებელს ლევან ვარშალომიძემ თავის მხარდამჭერებთან ერთად მიულოცა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ზეიმზე რამდენიმე წუითი იმყფებოდა ვარშალომიძე არც სტუმრების სკამზე დამჯდარა და არც სიტყვით გამოსულა.

საზეიმო კონცერტის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობასა და სტუმრებს შეხვდნენ და ადგილობრივების მიერ სპეციალურად მოწყობილ „ფაცხებში“ ტრადიციული კერძები დააგემოვნეს.

“შუამთობა“ სახალხო დღესასწაულია, რომელსაც ფესვები საუკუნეებში აქვს გადგმული. ზუსტად არავინ იცის, როდის ჩატარდა პირველად „შუამთობა“ აჭარის მთიანეთში.

სამაგიეროდ კარგად არის ცნობილი, რომ დღესასწაული არა მარტო მთიანი აჭარის მოსახლეობისთვის, არამედ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონის ყველა მცხოვრებისთვის საერთოა და მთიელი ხალხის ყველაზე საუკეთესო მისწრაფება, მიდრეკილებაა მასში ჩაქსოვილი.

„შუამთობის“ დღესასწაული ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ტარდება. მასში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მონაწილეობს და მთიელთა დამახასიათებელი სტუმარ-მასპინძლობით ხვდება სტუმრებს.

ავტორი: მარიკა ქათამაძე

სხვა ვიდეოები