ქვევრის დაზიანების ფაქტზე მერიამ პირველი კომენტარი გააკეთა

ბათუმში აღმოჩენილი ქვევრის დაზიანების შესახებ, ბათუმის მერია პირველ კომენტარს აკეთებს. კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი თენგო პეტრიძე ამბობს, რომ მერიაში ქვევრის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ შესულა. შესაბამისად, მათ სპეციალისტები ქვევრის დაზიანების შემდეგ მიიწვიეს და დაიწყო ექსპონატის კვლევა.

“ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ფაქტიურად უვნებელი ქვევრი იყო და მერე დაზიანდა. სამწუხაროდ, მერია ინფორმირებული არ იყო ამ საკითხზე. კომპანიას, რომელიც წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს, ჩვენთვის არ მოუწოდებია ინფორმაცია. შეიძლება ითქვას, ქვევრი მუშა პერსონალის დაუდევრობით დაზიანდა” – ამბობს პეტრიძე.

მისი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია, ადგილზე მუშაობენ არქეოლოგები. შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ კი მიიღებენ გადაწყვეტილება, რა ზომები იქნება გატარებული. “მანამდე მერია აჩერებს ამ ტერიტორიაზე მუშაობას” – ამბობს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.

კონკრეტულად რა რეაგირებაზეა საუბარი და გატარდება თუ არ სანქციები ექსპონატის დაზიანებისთვის, ამ დროისთვის უცნობია.

ბათუმში, თამარის დასახლებაში, კანალიზაციის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მიწის ქვედა ფენებში, მუშებმა ქვევრი აღმოაჩინეს. უვნებლად შემონახული ექსპონატი, აღმოჩენიდან მალევე განადგურდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებმა ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორის დახმარებით ჩამოამტვრიეს. ​

“მუშებს ეგონათ, ბავშვური ზღაპრებიდან გამოყოლილი, ქვევრში განძი იქნება ან რამეო, ამიტომ შეტყობინება კომპანიაში არ გააკეთეს და გატეხეს ქვევრი. საქმის მწარმოებელი აქ არ იყო, რამდენიმე წუთში მოხდა ეს შემთხვევა, თანაც 600 მუშას ზედამხედველს თავზე ვერ დავაყენებთ” – ამბობს კომპანიის მენეჯერი მოადგილე, რომელიც თამარის დასახლებაში წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

კომპანიის წარმომადგენელი ალექსანდრე ბაღათურია ამტკიცებს, რომ ქვევრს არანაერი ღირებულება არ აქვს, ამიტომ მისთვის გაუგებარია რა პასუხისმგებლობაზე ეკითხებიან ჟურნალისტები.

“არაკვალიფიციურმა მუშამ იპოვა და თავად გატეხა, კომპანიის პასუხისმგებლობა რა უნდა იყოს? ამ ქვევრს არანაერი ღირებულება არ აქვს, ჩვენ გავაფრთხილებთ კიდევ მუშებს, რომ მეორედ თუ საგანძურს წავაწყდით, მსგავსი შემთხვევა არ გამეორდეს. კომპანია გონიოშიც აწარმოებდა სამუშაოებს და იქ არაფერი მსგავსი არ მომხდარა, აქაც დარწმუნებული ვიყავით, რომ მსგავსი არ იქნებოდა. განათლების ნაკლებობაა, თუმცა განათლება რომ ჰქონოდა მუშა არ იქნებოდა” ამბობს ბაღათურია.

ბათუმში, თამარის დასახლებაში, კანალიზაციის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მიწის ქვედა ფენებში, მუშებმა ქვევრი აღმოაჩინეს. უვნებლად შემონახული ექსპონატი, აღმოჩენიდან მალევე განადგურდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებმა ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორის დახმარებით ჩამოამტვრიეს.

​წინასწარი დათვალიერების საფუძველზე, არქეოლოგები ამბობენ, რომ ქვევრი განვითარებული შუასაუკუნეების, მე-11 მე-13 საუკუნეების პერიოდის უნდა იყოს. “შემთხვევითი აღმოჩენა ძალიან საინტერესოა. დავამტკიცეთ, რომ ამიერკავკასიაში ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობების პირველი ნივთიერი მტკიცება აქ არის,” – ამბობს კახიძე.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები