რა ქონებას ფლობს დეპუტატი ნუკრი ბეჟანიძე

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლევან [ნუკრი] ბეჟანიძემ გასული წლის დეკემბერში პირველად შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. დეპუტატობამდე ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი იყო. ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის მაჟორიტარია საქართველოს პარლამენტში. ის მაჟორიტარად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

ნუკრი ბეჟანიძეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2016 წლის 29 დეკემბერს აქვს შევსებული. ამ დეკლარაციის მიხედვით, ნუკრი ბეჟანიძე და მისი ოჯახი ფლობს ხუთ საცხოვრებელ სახლს, ბათუმში, თბილისსა და ხელვაჩაურში. ყველაზე დიდი ზომის ბინა [300 კვ/მეტრი] ნუკი ბეჟანიძეს ჰქონია ბათუმის ცენტრში. დეპუტატის ოჯახი ორ ბინას ფლობს თბილისში.

ნუკრი ბეჟანიძესა და მისი ოჯახის წევრებს, დეკლარაციის შევსების ეტაპზე, საკრედიტო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე [სახელფასო, ანაბარი] 58 ათასი ლარი ჰქონიათ გადანახული.

ნუკრი ბეჟანიძის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომ ის და მისი ოჯახის წევრები არ მონაწილეობენ სამეწარმეო საქმიანობაში და არც რაიმე სახის წილებს ფლობენ ბიზნესში.

ნუკრი ბეჟანიძის, როგორც სამშობიარო სახლის დირექტორის შემოსავალი, დეპუტატობამდე ერთი წლით ადრე 93 277 ლარი ყოფილა, ხოლო როგორც ექიმის – 11 622 ლარი. შესაბამისად, ნუკრი ბეჟანიძე ვიდრე დეპუტატი გახდებოდა, ყოველთვიურად 8 741 ლარის შემოსავლი ჰქონია.
‘ბათუმელები”

სხვა ვიდეოები