რა შემთხვევაში ჩაერთვება მეფუტკრე სახელმწიფო პროგრამაში

მთავრობამ „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის“ პროგრამა დაამტკიცა. სახელმწიფო პროგრამა, როგორც მთავრობა აცხადებს, წარმოადგენს კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერის ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელიც საქართველოში თაფლის გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.
პროგრამის მიზანია:
თაფლის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ინტეგრირებული სისტემების (ერთიანი საწარმოო ციკლის) შექმნის უზრუნველყოფა;
თაფლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა;
გადამუშავებული თაფლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდა;
თაფლის საექსპორტო პოტენციალის ზრდა;
სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.

კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება მიწის ნაკვეთზე თაფლის საწარმოსათვის განკუთვნილი 550 კვ/მ შენობა-ნაგებობის აშენება და მისი აღჭურვა საოფისე ავეჯით, ინვენტარითა და შესაბამისი აღჭურვილობით.

პროგრამის მიხედვით, თაფლის საწარმო უნდა მოიცავდეს შენობა-ნაგებობას, რომელშიც განხორციელდება თაფლის გადასამუშავებელი მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის განთავსება და სასაწყობო ფართობისა და 30 პირისათვის განკუთვნილი აუდიტორიის მოწყობა; თაფლის საწარმოს წარმადობა უნდა იყოს დღეში არანაკლებ 2 ტონა თაფლის გადამუშავება, დაფასოება და შენახვა, ასევე ერთგვაროვანი თაფლის წარმოება; სააგენტოს მიერ თაფლის საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის აშენების მიზნით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი, ქონების სააგენტოსთან შეთანხმებით, უვადოდ და უსასყიდლოდ სარგებლობაში უნდა გადაეცეს სააგენტოს.
მონაწილის მიერ პროგრამის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებები
პროგრამის განხორციელების ფარგლებში სააგენტოსა და მონაწილეს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მონაწილე ვალდებულია:

ა) დაიცვას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №714 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები;
ბ) „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №577 დადგენილების შესაბამისად, დანერგოს მიკვლევადობის სისტემა;
გ) 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საწარმოში HACCP-ის სისტემის დანერგვა;
დ) მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია მისი მეპაიე კოოპერატივების და/ან ამ კოოპერატივის მეპაიეების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული აღურიცხავი სკების შესახებ, რათა სააგენტოს მიერ მოხდეს მათი აღრიცხვა/რეგისტრაცია;
ე) სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად, ჩაერთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში და მიაწოდოს სააგენტოს სრული ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ;
ვ) წარუდგინოს სააგენტოს კვარტალური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი კვარტლის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა და წლიური ანგარიში ყოველი მომდევნო წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა;
ზ) 2018 წლის პირველი იანვრიდან ყოველწლიურად უზრუნველყოს სკების საწყისი რაოდენობის ზრდა არანაკლებ 10%-ით;
თ) არ დაუშვას მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საწარმოო ინფრასტრუქტურის ქვეიჯარით გაცემა ან/და უფლებით დატვირთვა ქონების სააგენტოს წინასწარი თანხმობის გარეშე.

სხვა ვიდეოები