რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა განცხადება გააკეთა.

ნათია კაპანაძე მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. საქმე ეხება იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებას, სადაც მალხაზ ბოლქვაძე დირექტორს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

„მივმართე აჭარის პროკურატურას და ვთხოვე, რაც შეიძლება ოპერატიულად შეისწავლოს განცხადება. მოგეხსენებათ რომ აჭარის პროკურატურაში შეტანილია განცხადება დისკრიმინაციის მუხლით მაუწყებლის იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ.

თავდაპირველად მსურს აღვნიშნო, რომ 2014 წლის მაისის თვეში მიღებულია კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მიხედვითაც დისკრიმინაციული ფაქტების შესწავლის ვალდებულება დაეკისრა სახალხო დამცველს. არჩევანი განმცხადებლის უფლებაა.თუმცა სიტუაციის ამგვარი განვითარება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც სრულად უზრუნველყოფილია სარედაქციო დამოუკიდებლობა წინასაარჩევნო პროცესების ღიად და გამჭვირვალედ გაშუქება, მაფიქრებინებს, რომ პროცესი არის ან/და შეიძლება იყოს მართული გარკვეული ძალების მიერ მაუწყებლის წინააღმდეგ, რაც ყოვლად დაუშვებელია. მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარება ეს არის შეუქცევადი პროცესი.

სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით მივმართე პროკურატურას და ვთხოვე, რაც შეიძლება ოპერატიულად გასცეს პასუხი განცხადებას ავტორს. ამასთან, ვაცხადებ მზაობას კანონმდებლობის ფარგლებში ვითანამშრომლო ყველა ორგანოსთან. მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოსთან.
კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ნებისმიერი პროცესი, რაც ხდება და მოხდება თქვენ მიერ დაფინანსებულ მაუწყებელში იქნება ღია და გამჭვირვალე,  რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებულია მუშაობდეს საზოგადოებისთვის“ – განაცხადა მაუწყებლის დირექტორმა პრესკონფერენციაზე.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები