რატომ გადაწყვიტა დედამ შვილის მინდობით აღზრდაში გაცემა

34 წლის მარინა ჭაღალიძე ჯერ კიდევ ბავშვობაში გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. იმ ამბობს, რომ ბავშვობაში მამა ხშირად სცემდა, ოჯახის შექმნის შემდეგ კი მასზე ძალადობა ქმარმა დაიწყო.

მარინას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოთხი წლის შვილი ჰყავს, რომელსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აქვს. ოთხი წლის ბიჭს მუდმივად სჭირდება რეაბილიტაცია და მკურნალობა, თუმცა დედას მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ აქვს.

„ბავშვი პრობლემებით რომ დაიბადა, დედამთილი და ქმარი მე მაბრალებდნენ. ქმარი არ მუშაობდა და ბავშვის პენსიას მთხოვდა, რომ არ ვაძლევდი, მცემდა.

მშობლებისგან მხარდაჭერა არასდროს მქონია. დედა მეუბნებოდა, ოჯახი ეგ არის და უნდა მოითმინოო. ქმარი სვამდა და ბოლოს გარდაიცვალა კიდეც ამ მიზეზით. დედამთილი გათხოვდა და ბავშვს არც ფული დაუტოვა და არც საცხოვრებელი“, – გვეუბნება მარინა.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ ის მამის სახლში დაბრუნდა, თუმცა კონფლიქტის გაღვივევის შემდეგ, იძულებული გახდა თავშესაფარში გადასულიყო.

„ვთხოვე, რომ ბავშვის მკურნალობაში დამხმარებოდნენ, მაგრამ რძალი წავიდა წინააღმდეგი – მაინც არაფერი ეშველება და ფული ტყუილად უნდა გვახარჯვინოო. ბოლოს ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ მამაჩემმა ხელი დამარტყა. წარმოიდგინეთ შვილი რა მდგომარეობაში მყავს და თანადგომის ნაცვლად მცემეს“.

მარინა თავშესაფრის დატოვების შემდეგ ბათუმში, სერგი მესხის ქუჩაზე, ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს. ბავშვის პენსიიდან (180 ლარია) 150 ლარს ბინის ქირაში იხდის. „30 ლარით თავი გაგვაქვს. არავის აინტერესებს გვცივა თუ გვშია – არც ოჯახის წევრები გვკითხულობენ და არც ნათესავები. შვიდი თვეა აქ ვცხოვრობთ და ერთხელ მოვიდნენ, დაგვხედეს და წავიდნენ, ალბათ მისამართი გაიგეს, რომ მოვკვდები, მაშინ მაინც მომაკითხონ“, – ამბობს მარინა.

ბავშვის მდგომარეობის გამო მარინას ბავშვის დატოვება არ შეუძლია. „მაღაზიაში გავდივარ თუ სადმე, უნდა წავიყვანო. ზამთარში შეშას ტომრებით ვეზიდებოდი და ბავშვიც თან დამყავდა. ჯანმრთელობა შემერყა. თირკმლები მტკიცა, ხერხემალი, მუცლის არეშიც ხშირად მაქვს ტკივილი, მაგრამ გამოკვლევაზე ვერ მივდივარ“.

მარინა ამბობს, რომ თუ მისი მდგომარეობა არ შეიცვლება, ვერც ის და ვერც ბავშვი კრიზისს ვეღარ გაუძლებენ.

„მახინჯაურში მინდოდა თავშესაფარში წასვლა, მაგრამ თუ მარტოხელა დედის სტატუსი არ გაქვს, ვერ მიგიღებთო – მითხრეს. სტატუსი არ მომანიჭეს“, – გვეუბნება მარინა. ქობულეთის მუნიციპალიტეტი მას მხოლოდ ერთხელ დაეხმარა შეშით, სხვა დახმარებას, როგორც ის გვეუბნება, არ იღებს.

„ბავშვს იმუნიტეტი დაბალი აქვს და მუდმივად ცივდება. ნახველს ვერ იღებს, ყლაპვა უჭირს. ჰაერის გამოცვლა სჭირდება, რეაბილიტაციის კურსი, რომ ფეხზე დგომა შეძლოს, თუმცა ამ ყველაფერს დღეს მოკლებულია“, -გვეუბნება დედა.

მარინამ დიდი შინაგანი ბრძოლის შემდეგ გადაწყვიტა შვილის მინდობით აღზრდაში გადაცემა, თუმცა ვერ იპოვა ოჯახი, რომელიც ბავშვის მიღებას დათანხმდებოდა.

„სოციალური მუშაკი მეუბნება, რომ ოჯახი არ გამოჩნდა, რადგან ბავშვი შშმ პირია, მისი აყვანა არ უნდათ. „გიოს სახელი გაუტყდა და არავინ აიყვანსო“, – ასე მითხრეს სააგენტოში. რას ნიშნავდა „სახელის გატეხა“, ვერ მივხვდი, ალბათ იმას გულისხმობდა, რომ ბავშვს ყლაპვა არ შეუძლია. არ ვიცი, რა გზას დავადგე“, – გვეუბნება ის.

მარინა გამოსავალს სამსახურის დაწყებაში ხედავს. „ბავშვს რომ ვინმე მოუვლიდეს, ვიმუშავებდი. თავშესაფარში ყოფნის დროს ფაბრიკაში ვმუშაობდი, მანიკიურის გაკეთებაც შემიძლია, ხელნაკეთ ნივთებსაც ვამზადებ, მინდა ვიმუშაო, რომ თავი გავიტანო, მაგრამ ჯერჯერობით ეს შეუძლებელია“.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები