რატომ ვერ მკურნალობენ ძლიერ დამწვრობას აჭარაში?

აჭარის რეგიონში მოქმედ სამედიცინო კლინიკებში ძლიერი დამწვრობის მკურნალობის სერვისი არ მოქმედებს. კლინიკებში მხოლოდ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი. რეგიონში არც დამწვრობის სპეციალისტია.

„მოთხოვნა არის დაბალი, რის გამოც არც ერთ კლინიკას არ უღირს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და კადრების შენახვა,“ – განმარტავს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი – თბილისის დამწვრობის ეროვნული ცენტრიც კი, არ მუშაობს სრული დატვირთვით.

ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გახსნას პალატა დამწვრობის მიმართულებით და ერთი ქირურგიც გადაამზადოს.

„ჯერჯერობით ნაადრევია პალატის გახსნაზე საუბარი, რადგან დამწვარ პაციენტს განსაკუთრებით სტერილური გარემო სჭირდება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მიმდინარე სამუშაოების გამო, ისედაც შეზღუდულ რეჟიმში მუშაობენ. განახლებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოში საერთო ქირურგიაში იქნება ერთი მიმართულება დამწვრობაც. მანამდე იქ მომუშავე ქირურგებიდან უნდა შევარჩიოთ რომელიმე, ვინც გადაემზადება დაახლოებით რვა თვე. ამ ხარჯებს ვიღებთ საკუთარ თავზე. ამ პალატაში იქნება შესაძლებელი პაციენტის მართვა, თუმცა, მაგალითად, თუკი კანის გადანერგვა იქნება საჭირო და ტრანსპანტოლოგი, ამისთვის ისევ მოგვიწევს პაციენტის გადაყვანა თბილისში,“ – გვითხრა ზაალ მიქელაძემ.

16 აგვისტოს გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად ბათუმში სამი ადამიანი დაშავდა. ერთს ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება, მეორე თბილისის დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული კი აფეთქებიდან სამ დღეში გარდაიცვალა. მას კანის დაახლოებით 90 პროცენტი ჰქონდა დამწვარი. დაშავებული თავდაპირველად კლინიკა „მედინაში“ მოათავსეს, შემდეგ კი, თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები