რდაგანის ტბა, რომლის გასაწმენდად 187 ათასი ლარი დაიხარჯა, ისევ გასაწმენდია

ბათუმში, იუსტიციის სახლთან, არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია, ისევ დაბინძურებულია. მიმდინარე წლის ზაფხულში, ტბის გასაწმენდად „ბათუმის ბულვარმა“ 187 219 ლარი გადაიხადა, თუმცა ტბა დღეს ისევ გასაწმენდია. ამ ტბასთან მუშაობს ოთხი დიდი რესტორანი, სასტუმრო, განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსები, შენდება სასტუმროები.

„ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაცია ამჯერად მუშაობს გეგმაზე, თუ რა თანხა დასჭირდება ტბის გამოკვლევას და შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას მას შემდეგ, რაც დასკვნის შედეგი დაიდება.

„უნდა გამოვიკვლიოთ ტბაში ციანობაქტერიების არსებობა, თუ რა უწყობს ხელს მათ გამრავლებას, ასევე სხვა დეტალები – კიდევ რის გამო ბინძურდება ტბა. თუ წელს მოხერხდა შესაბამისი თანხის მოძიება, გავითვალისწინებთ ბიუჯეტში ცვლილებების დროს. თუ არა, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში აუცილებლად იქნება თანხა გათვალისწინებული ტბის კვლევისა და გაწმენდითი სამუშაოებისთვის. შევიძენთ შესაბამის პროექტს. საჭიროა თუ არა უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, ეს ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი“ – განაცხადეს „ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურში.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ტენდერშიგამარჯვებულ კომპანია „ჰიდროენერგომონტაჟთან“ ბათუმის ბულვარს ხელშეკრულება 187 235 ლარზე ჰქონდა გაფორმებული. თანხა კომპანიას ბულვარმა ორჯერ გადაურიცხა: 110 282,63 ლარი და 76 936,37 ლარი – მიმდინარე წლის 29 ივნისსა და 7 ივლისს.

არდაგანის ტბაში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს დაუკავშირეს წელს ზღვაში ქვეწარმავლების გასვლაც: „ქვეწარმავლების ზღვაში გასვლა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ძირითადად დაკავშირებული იყო არდაგანის ტბაში მიმდინარე საქმიანობასთან. ამ ტბაში გაწმინდეს ფსკერი, ამოიღეს შლამი და ამ დროს ქვეწარმავლების ნაწილმა გადაინაცვლა მიმდებარე არხში, საიდანაც ისინი ზღვაში მოხვდნენ“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ არჩილ გუჩმანიძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები