რიჟვაძე: აჭარის მთავრობა გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ტურისტულმა სეზონმა წარმატებით ჩაიაროს

“აჭარის მთავრობა ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინაციაში, გააკეთებს მაქსიმუმს, რომ აჭარაში ტურისტულმა სეზონმა წარმატებით ჩაიაროს,” – ასე დაიწყო თორნიკე რიჟვაძემ დღეს მთავრობის სხდომა. რეგიონის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ტურისტული ემბარგოს გამო შექმნილ გამოწვევებს, თუმცა აღნიშნა, რომ ტურისტული ნაკადები დივერსიფიცირებულია და პრობლემა მაქსიმალურად აღმოუფხვრება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონში უსაფრთხო ტურისტულ გარემოსა და რუსეთის მიერ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაზე, რაშიც გამოსავალს თორნიკე რიჟვაძე პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ კომუნიკაციაში ხედავს:

„ჩვენ განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე ვართ, იცით, რომ პრაქტიკულად დაწესდა ემბარგო, მაგრამ ბოლო წლებში გაწეული საქმიანობის შედეგად, ჩვენი ტურისტული ნაკადები არის დივერსიფიცირებული. უკვე მაისში ტურისტული ნაკადების რიგი გვქონდა. ადგილობრივ მეწარმეებთან, საოჯახო სასტუმროებთან, ყველა ბიზნესთან, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია ტურიზმთან, ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური თანამშრომლობა. სახელმწიფო, აჭარის მთავრობა ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინაციაში, გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ტურისტულმა სეზონმა აჭარაში წარმატებით ჩაიაროს. ერთობლივი ძალისხმევით ვეცდებით, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესს. რაც შეეხება, უსაფრთხოების საკითხებს, რომელიც არის ამ სანქციის გამოგონილი მიზეზი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული და ამ მესიჯებს ჩვენ მივაწვდით ყველა ქვეყანას, ყველა ტურისტს, რომ მათი უსაფრთხოება და დასვენება მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძე მთავრობის სხდომაზე თბილისში 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დესტრუქციული ძალების მოქმედება, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფასად ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება, აღკვეთილი იქნება.

სხვა ვიდეოები