როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები აჭარის საბავშვო ბაღებში

ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 21 ივლისს დასრულდება. რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, აქ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, როდის შეაჩერებენ სააღმზრდელო საქმიანობას საბავშვო ბაღები.

ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი რიჟვაძის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული 16 ბაღიდან ზოგიერთში ბავშვთა გამოცხადება მინიმუმამდე დავიდა, რის გამოც ბაღების გაერთიანებამ რვა ბაღში სააღმზრდელო საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

„სოფლებში მოსახლეობის დიდი ნაწილი მთაში წავიდა, რამაც ბაღებში ბავშვთა გამოცხადების კლება გამოიწვია. იმ საბავშვო ბაღებში, სადაც ბავშვთა გამოცხადება ოთხ-ხუთ ბავშვზე ჩამოვიდა, ბრძანებით შევაჩერეთ სააღმზრდელო პროცესი, სადაც ბავშვთა კონტინგენტი არის, მუშაობას აგრძელებს. 16 ბაღიდან ამ დროისთვის რვა ბაღი ფუნქციონირებს,“ – ამბობს ირაკლი რიჟვაძე.

21 ივლისს დასრულდება სააღმზრდელო პროცესი ქობულეთის საჯარო ბაღებში. რაც შეეხება ქობულეთში არსებულ სასულიერო ბაღს, სააღმზრდელო პროცესი აქ ერთი თვით ადრე დასრულდა.

31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღები. ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნატო შერვაშიძის ინფორმაციით, ბაღები 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს, „თუმცა 31 ივლისს სანიტარული დღეა და ბავშვების გარეშე იმუშავებს ბაღები“.

ამ დრომდე არ არის დაზუსტებული როდის შეაჩერებენ სააღმზრდელო საქმიანობას ბათუმის საბავშვო ბაღები. „აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გავაგზავნეთ და პასუხს ველოდებით, თვის ბოლომდე დასრულდება, სავარაუდოდ, 24 ივლისს,“ – ამბობს ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ნატალია ზაქარეიშვილი.
“გაზეთი ბათუმელები”

სხვა ვიდეოები