რუსეთის დროშების გამო, აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთის წინ მედიას ოფიციალურად აცნობა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიიჩნევს, რომ საქართველო ჯერ კიდევ აგრძელებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, შესაბამისად მსაგვს ღონისძიებაში რუსული დროშების მონაწილეობაზე პასუხისმგებლობა მინსტრმა უნდა აიღოს:

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველას დღევანდელი დღე. ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ ამ დღისთვის, თუმცა თავისუფლებისთვის ბრძოლას დღეს ისევ ვაგრძელებთ. რაც შეეხება დღევანდელ მსვლელობას, პასუხისმგებლობის ნაწილი ეკისრება აჭარის განათლების სამინისტროს, ამიტომ მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადაყენებულია“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმში ბოლო რამდენიმე წელია, 26 მაისი საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეთა მსვლელობით იწყება. წელს პირველად გამოჩნდა ფესტივალში ბავშვთა ანსამბლი ქალაქ როსტოვიდან. ანსამბლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ის მოწვევით ჩამოვიდა. სწორედ აღნიშნულ ჯგუფს ჰქონდა წარმოდგენილი რუსული დროშები.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აღნიშნული ფესტივალის პარტნიორი და მხარდამჭერია. მინისტრს განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებია. ინგა შამილიშვილმა, რომელიც მსვლელობაში მონაწილეობდა, ჟურნალისტების გამოჩენისთანავე ტერიტორია დატოვა. სამინისტროში ამბობენ, რომ განმარტებებს ბრიფინგზე გააკეთებენ.

სხვა ვიდეოები