რუსუდან შავიშვილი: ვადასტურებ, დავინიშნე მინისტრის მოადგილედ

აჭარის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რუსუდან შავიშვილი ინიშნება. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად რუსუდან შავიშვილმა დაუდასტურა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, „ჯერჯერობით არ არის დანიშნული მინისტრის პირველი მოადგილე. განიხილება რამდენიმე კანდიდატი და უახლოეს დღეებში იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რუსუდან შავიშვილი აჭარის ჯანდაცვის მოქმედი მინისტრის, ზაალ მიქელაძის მეგობარია. რუსუდან შავიშვილმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მას „დღეს შესთავაზა მინისტრმა ეს თანამდებობა და თანხმობაც განაცხადა“.

„ალბათ მუსირებდა აქამდეც, შესწავლის პროცესში იყო კანდიდატები და მე ამის შემდეგ შემატყობინეს… სამინისტროში ჯანდაცვის პროგრამებს ვუხელმძღვანელებ“, – გვითხრა რუსუდან შავიშვილმა.

პროფესიით ექიმი რუსუდან შავიშვილი აქამდე მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში მუშაობდა, როგორც სამედიცინო დირექტორი და კლინიკის მენეჯერი. მანამდე კი სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიასთან თანამშრომლობდა.

რუსუდან შავიშვილი ამბობს, რომ მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგება სამინისტროში, რაც პროცედურები სამართლებრივად მოწესრიგდება. მანამდე კი ის ისევ რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.

წყარო:გაზეთი “ბათუმელები”

სხვა ვიდეოები