საახალწლოდ ბათუმის მოსართავად მერია 1,5 მილიონ ლარს დახარჯავს

საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 1,51 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს თანხა ძირითადად, სხვადასხვა საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების/აქსესუარების შეძენა-მონტაჟს მოხმარდება.

მერიას უკვე დაგეგმილი აქვს, კონკრეტული ქუჩა და ადგილი ქალაქში როგორ უნდა მორთოს და სად რამდენი და რა ფორმის აქსესუარი განათავსოს. ეს დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ტენდერის პირობებში. სატენდერო თანხა 1 მილიონ 510 ათასი ლარია. ტენდერი 15 სექტემბერს დასრულდება.

წინასაახალწლოდ ქალაქის ქუჩები 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა მოირთოს; სამუშაოებში შედის საახალწლო ნაძვის ხეების მონტაჟი და დემონტაჟი ევროპის მოედანზე და შინდისის გმირების სკვერში.

მთავარი ნაძვის ხე ტრადიციულად ევროპის მოედანზე დაიდგმება. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი ანთების რიტუალის შესაძლებლობაც. შინდისის გმირების სკვერში კი, 7 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხეს დადგამენ.

სადემონტაჟო სამუშაოები (დასაწყობებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საწყობში) უნდა განხორციელდეს 2018 წლის 15 თებერვლამდე;

შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი, ასევე დაზიანებული (რომელიც ექვემდებარება შეკეთებას შემდგომში გამოყენების შესაძლებლობით) და შემდგომში გამოსაყენებლად უვარგისი ყველა საახალწლო აქსესუარის რაოდენობრივი ჩამონათვალის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს 2018 წლის პირველ მარტამდე.

ყველა დაზიანებული, მაგრამ რემონტს დაქვემდებარებული და შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი საახალწლო აქსესუარის შეკეთება შემდგომი დასაწყობებით უნდა განხორციელდეს 2018 წლის 25 მარტამდე.

მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დამონტაჟებული საახალწლო ნაძვის ხეების, საახალწლო აქსესუარების, მანათობელი აქსესუარებისა და კონსტრუქციების მოვლა-პატრონობა მათ დემონტაჟამდე.

“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები